საქართველოს ეკონომიკა მარტში გაიზარდა

"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2014 წლის მარტში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, (მშპ) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,3%-ით გაიზარდა.

წინასწარი შეფასებით, ასევე გაიზარდა ეკონომიკა I კვარტალში და საშუალო რეალური ზრდა 7,4%-ით განისაზღვრა.

თებერვალში რეალური მშპ-ს ზრდამ 5,6%, იანვარში კი 8,2% შეადგინა.

"საქსტატი" 2012 წლის იანვრიდან აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება.

შეფასებები საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, რომელსაც მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად იყენებენ. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობითაა გაკეთებული. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.