თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნება

თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნება. საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში სლოვაკეთის საელჩო ხელოვნების სასახლეში დღეს ხავერდოვანი რევოლუციის 28 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლებს.

მიღებაზე სიტყვით გამოვა სლოვაკეთის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. სწორედ აღნიშნულ მიღებაზე მოეწერება ხელი ოფიციალურ შეთანხმებას თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ. დოკუმენტს ბრატისლავას შტეფანიკის აეროპორტის ავიაციისა და სტრატეგიული მარკეტინგის დირექტორი რადეკ ზაბრანსკი და კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი მოაწერენ ხელს.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.