ნავთობის ფასი კვირას კლებით ასრულებს

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა, ეს მაინც ვერ გადაფარავს იმ დანაკარგებს, რაც კვირის განმავლობაში ჰქონდა.

ამგვარად, დღევანდელი სავაჭრო სესიის დახურვისას, წინა ექვს კვირაში ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი პირველ კლებას დააფიქსირებს. კლების მთავარი მიზეზი არის იმის მოლოდინი, რომ რუსეთი აღარ დაუჭერს მხარს ბაზარზე მიწოდების შეკვეცას.

"ბრენტის" მარკის ბარელი ნავთობის ფასი 50 ცენტით, 61.86 დოლარამდე გაიზარდა, მსუბუქი ნადლი ნავთობის ფასმა კი 76 ცენტით, 55.90 დოლარამდე მოიმატა. პარასკევის სესიამდე, ბრენტ მარკის და მსუბუქი ნავთობის ფასს კვირის წინა დღეებში 2-4 პროცენტით ჰქონდა დაკლებული.

ბოლო თვეებში ნავთობის ფასის ზრდას, სწორედ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეკვეცა განაპირობებს. ორგანიზაციის მორიგი სხდომა 30 ნოემბერს, ვენაში გაიმართება და მასზე მთავარი საკითხი, მიწოდების შეკვეცის პერიოდის გაგრძელება იქნება.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმების გაგრძელებას აპირებენ, მაგრამ OPEC-ის არაწევრი რუსეთი ჯერჯერობით მერყეობს და არაა გამორიცხული, რომ შეთანხმებიდან გამოვიდეს. ამ შემთხვევაში, გლობალურ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსი, დიდი ალბათობით, ისევ ჭარბი მიწოდებისკენ გადაიხრება, რაც ნავთობის ფასების შემცირებას გამოიწვევს.

პარალელურად, იმ შემთხვევაშიც, თუ მარტამდე შეკვეცა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, მსოფლიოს ლიდერი ექსპორტიორი საუდის არაბეთი არ აპირებს მიწოდების შეკვეცის მოცულობის გაზრდას. OPEC-ის მცდელობას, დააბალანსოს ნავთობის მსოფლიო ბაზარი, ხელს უშლის აშშ-ის მოპოვების რეკორდული ზრდა. კერძოდ, შტატებში დღიური მოპოვება 9.65 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ამერიკაში ნავთობის მოპოვება 2016 წლის ზაფხულის შემდეგ, 15 პროცენტით არის გაზრდილი. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შტატებში ნავთობის დღიური მოპოვება მალე 10 მილიონ ბარელს ასცდება.