„პრემიუმის ტიპის საწვავის კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარე თვის ფასი - 1.92 ლარია, ავტოგასამართ სადგურებზე კი იგივე საწვავი 2.32 ლარად იყიდება“. ამის შესახებ, საწვავის ბაზრის ანალიტიკოსმა ბექა კემულარიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია არ არის და საცალო ქსელში არსებული ფასი ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა შეთანხმებულად დასვეს.
„ტენდერისთვის ყოველი თვის დასაწყისში დგება მიმდინარე თვის ფასი, რომელსაც ანგარიშობენ იმ საცალო ფასზე, რაც თვის დასაწყისშია დადგენილი. ამ დადგენილ ფასში არის გათვალისწინებული მათ შორის ვალუტის კურსი, საწვავის შესასყიდი ფასი, ამიტომ ფასის დასადგენად საკმაოდ კარგი ფორმულა არის შემუშავებული. 1 ნოემბრის მდგომარეობით, პრემიუმის ტიპის საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი 1.92 ლარია. ანუ რეალურად, ამ ხუთ (ბრენდირებულ) მსხვილ ნავთობ იმპორტიორ კომპანიას შორის კონკურენტული ფასი არის - 1.92 ლარი, ავტოგასამართ სადგურებზე კი საწვავი - 2.32 ლარად იყიდება. კონსოლიდირებულ ტენდერში ასეთი დაბალი ფასი იმიტომ გვაქვს, რომ ტენდერში ის გაიმარჯვებს, ვინც ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს. საცალო ბაზარზე კი კომპანიების შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია ყველა გამარჯვებული იყოს. ბაზარზე არსებულ 5 მსხვილ ნავთობიმპორტიორ კომპანიას შორის რომ კონკურენცია იყოს, საწვავი 2 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს, თუმცა, კონკურენცია არ არის და ვფიქრობ, საცალო ბაზარზე არსებული ფასი კომპანიებმა შეთანხმებულად დასვეს,“-აღნიშნა კემულარიამ.
ამასთან, როგორც კემულარია აღნიშნავს, სახელმწიფოს თავისი დივიდენდი აქვს და საწვავზე მაღალი ფასი თავად ხელისუფლებასაც „აწყობს“.
„ბიუჯეტი მნიშვნელოვანწილად დღგ-თი ივსება, რომლის ძირითადი გადამხდელებიც ნავთობიმპორტიორები არიან. ამიტომ ხელისუფლებას „აწყობს“ საწვავზე მაღალი ფასი. საწვავი ფასი, რომ 1.50 ლარზე ჩამოვიდა, მაშინვე გააძვირეს აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, რადგან 500 მილიონ ლარამდე შეუმცირდებოდათ თანხა ბიუჯეტში,“-განაცხადა კემულარიამ.
2017 წლის განმავლობაში ნავთობპროდუქციის (საწვავის) სხვადასხვა სახეობის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 8 კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდა. აქედან 5-ში (ევრორეგულარი (აგს), ევრორეგულარი (სითხე), პრემიუმი, ევროდიზელი (აგს), ევროდიზელი (სითხე) კომპანია „რომპეტროლია“ გამარჯვებული; 1-ში (სუპერი) – „ვისოლი“ და 1-ში (დიზელი (აგს) „სოკარია“ გამარჯვებული.
1 ლიტრი ევროდიზელის (გატანა აგს) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარე თვის ფასი 1.92 ლარი, 1 ლიტრი დიზელის (გატანა აგს-იდან) - 1.91ლარი; 1 ლიტრი ევრორეგულარის (გატანა აგს-დან) - 1.85 ლარი; 1 ლიტრი სუპერის - 2.16 ლარი; 1 ლიტრი პრემიუმის ფასი -1.92 ლარი; 1 ლიტრი ევრორეგულარის (გატანა ნავთობბაზიდან, სითხის სახით) - 1.83 ლარი; 1 ლიტრი ევროდიზელის (გატანა ნავთობბაზიდან) ტენდერის მიმდინარე თვის ფასი - 1.88 ლარი; 1 ლიტრი დიზელის (გატანა ნავთობბაზიდან) ფასი კი 1.86 ლარია.
17 ნოემბრის მდგომარეობით კი „რომპეტროლის“ ქსელში ევრორეგულარის ტიპის საწვავი 2.20 ლარი; ევრო პრემიუმი – 2.32 ლარი; efix ევრო დიზელი – 2.25 ლარი; ევრო დიზელი კი – 2.15 ლარი ღირს. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ეკო სუპერის მარკის საწვავის ფასი – 2.44 ლარია; „სოკარის“ სადგურებზე კი ევრო დიზელი – 2.19 ლარი, ხოლო დიზელი – 2.10 ლარი ღირს.