"არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და  2.65-ზე ჩამოვა"

არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვემოთ ჩამოვა 2.65-ზე. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა გუშინ, "ქართული ოცნების" ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა იყო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან, რომლებთანაც ბიუჯეტის საკითხები განიხილეს.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი იყო 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე, „რადგან ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე უკეთესია და შესაბამისად, შემოსულობებიც მეტია სახელმწიფო ბიუჯეტში“.

რაც შეეხება შეხვედრაში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობას, ოქრიაშვილის თქმით, "ის განუმარტავს ყველას, რა ხდება, რატომ არის ლარის კურსი წნეხის ქვეშ."

„არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვემოთ ჩამოვა 2.65-ზე.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში ლარზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, ეს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება. ჩვენს მეზობელ და მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არის დევალვაცია. თურქეთში ლირა 11%-ით გაუფასურდა, ასევე ვარდება რუბლი და თვითონ დოლარი ევროსთან მიმართებაში", - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, რა აძლევს მას ლარის გამყარების იმედს, ოქრიაშვილმა უპასუხა, რომ "გაუფაურებამ პიკს მიაღწია და ახლა ვალუტის კორექციას ელოდება".