„იმ შემთხვევაში თუ ლარის კურსი დღეს არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება“, - ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და ძირითადად პროდუქტებზე ფასები არ გაზრდილა. თუმცა, ფასის ზრდა უკვე აისახა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და მათი ნაწილი სუპერმარკეტებში უკვე გაძვირდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ლარის კურსი გარკვეულ ნიშნულთან არ არის მისული, რის შემდეგაც შესაძლოა კომპანიებმა ფასის ცვლილება მოახდინონ, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით გადააბიჯებს თუ არა ლარი დოლარის შემთხვევაში 2.75-იან, ხოლო ევროს შემთხვევაში 3.25-იან ნიშნულს. იმედს ვიტოვებთ, გაცვლითი კურსი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც 1-2 თვის წინ იყო. თუ ასე არ მოხდა, ალბათ ახალი წლისთვის, ფასის ცვლილება ძირითადად ყველა პროდუქტზე აისახება. თუმცა, როგორც ვიცი სუპერმარკეტებში პირველადი მოხმარების ზოგ პროდუქტზე ფასის ცვლილება უკვე აისახა,“-აღნიშნა ჭყონიამ.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 24 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, კურსის რყევა მოლოდინებითაა გამოწვეული. მისივე თქმით, იმპორტიორებმა ვალუტის შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა კი ვალუტაზე მოთხოვნა უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე მოლოდინებთან არის დაკავშირებული.
ივა ჭყონიას ცნობით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მომავალ კვირას შესაძლოა ასოციაციასა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართოს.
„მე არ მეგულება ისეთი იმპორტიორი კომპანია, რომელსაც იმის ფუფუნება და იმდენი ჭარბი ლარი აქვს, რომ მთელი წლის მარაგების საწყობში დასაგროვებლად, იმდენივე დოლარი ან ევრო იყიდოს. ჩვენ სფეროში ფაქტობრივად მასე არ ხდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ კვირაში ეროვნულ ბანკთან გვექნება შეხვედრა. გვინდა გავარკვიოთ, რა როლი უჭირავთ იმპორტიორებს ამ პროცესში, ვინ ყიდულობს დოლარს, რატომ ყიდულობს ჭარბი რაოდენობით და რამდენად არის კურსის რყევა მათი მხრიდან გამოწვეული,“-აღნშნა ჭყონიამ.