"თუ ადამიანს არ ექნება წლიური შემოსავალი მინიმუმ 50 000 ლარი, მას სამორინეში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს"

მოძრაობის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" შეხედულებები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით უფრო უმკაცრესი და რადიკალურია , - ამის შესახებ მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმომადგენელმა თამრიკო ჯაფარიძემ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა გაიმართა.

მან დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისთვის საპატრიარქოს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, აიკრძალოს ყველა ონლაინ თამაში. სამორინეებს მიეცეთ უმკაცრესი რეგულაციები, სადაც იდენტიფიცირება მოხდება პიროვნების და მისი შემოსავლების მიხედვით. თუ ადამიანს არ ექნება წლიური სახელფასო შემოსავალი მინიმუმ 50 000 ლარი, მას არ უნდა ექნეს სამორინეში შესვლის უფლება. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, დაიხუროს ყველა სლოტ კლუბი, რომელიც ძალიან მრავლადაა, ყველა ქუჩაზეა განთავსებული და ეს არის უბედურების ბუდე. მოვითხოვთ უმკაცრესი ყურადღება მიექცეს ლომბარდების მუშაობას. ყველა უბედურება იქედან მოდის. მე პირადად ვარ შემსწრე იმისა, რომ ლომბარდები იბარებენ ნივთებს, ტექნიკას, რომელსაც არ აქვს არანაირი დოკუმენტაცია და ასევე პიროვნებას არ აქვს პირადობის მოწმობა", - განაცხადა თამრიკო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მესამე პირის გაშავების უფლება, "ანუ თუ ადამიანმა დააზარალა ოჯახი, მისი ოჯახის წევრი უნდა მივიდეს იუსტიციის სახლში, განაცხადოს და ძალიან მარტივად უნდა მოხდეს ამ პიროვნების ქსელურად გაშავება, თუმცა არა სამი წლის ვადით, არამედ სამუდამოდ". მისივე თქმით, კანონპროექტში ახლა სამწლიანი ვადაა ჩაწერილი.

"სამი წლის შემდეგ რას ვაპირებთ? ჩვენ არ გვაქვს ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ადამიანებისთვის. ე.ი. სამი წლის შემდეგ ვაბრუნებთ ამ ადამიანს ჭაობში? თუ სამწლიანი ვადა დარჩება, მაშინ სახელმწიფომ უნდა შექმნას ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც 3 წლის მანძილზე ლუდომანიით დაავადებული ადამიანი იმკურნალებს და უკვე გაჯანსაღებული გამოვა", - განაცხადა თამრიკო ჯაფარიძემ.