ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი (INTA) 22 ნოემბერს საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობით მაკრო-ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს. საკითხზე მომხსენებელია დეპუტატი „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსიდან“ (ALDE) ჰანუ ტაკულა.
მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის სულ 45 მილიონი ევროს გამოყოფას, აქედან 35 მილიონის - საშუალოვადიანი სესხის, 10 მილიონის კი - გრანტის სახით, რათა ქვეყანამ დაფაროს საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი 2017-2020 წლებისთვის.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ჯანსაღია, რაც დიდწილად განპირობებულია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წინდახედული ზედამხედველობით, თუმცა იზრდება ფისკალური დეფიციტი, ხოლო ლარი მკვეთრად გაუფასურდა ბოლო წლების განმავლობაში.
ევროპული მხარის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მაკრო-ფინანსური დახმარება ევროკავშირისგან მიმდინარე წლის 16 ივნისს მოითხოვა.
ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ოპერაცია იქნება მესამე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. პირველი ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა გრანტის სახით 46 მილიონი ევრო გამოყოფას, 2009-2010 წლებში განხორციელდა, მეორე (46 მილიონი ევრო - ნახევარი გრანტის და ნახევარი სესხის სახით) – 2015-2017 წლებში. მეორე ოპერაციის ბოლო ტრანში 2017 წლის მაისში გამოიყო.