როგორ გადავურჩეთ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას

2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა.

მოსახლეობის რაოდენობამ იკლო - 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით - 3,7 მილიონია. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, კლების მიზეზი, ძირითადად, დიდი მიგრაცია და ერის ნაადრევი დაბერებაა. თუ დინამიკა არ შეიცვალა, ყოველი მომდევნო აღწერა დაგვარწმუნებს, რომ დემოგრაფიული­ კატასტროფის ზღვარზე ვართ. რა ღონისძიებებია გასატარებელი სიტუაციის შესაცვლელად, ამის შესახებ დემო­გრაფი, ექსპერტი ანზორ თოთაძე გვესაუბრება:

- უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება - მცირდება მოსახლეობა, შობადობა, ქორწინება; იზრდება მოკვდავობა, განქორწინება... 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემები იუწყება, რომ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა - დაიბადა 25 543 და გარდაიცვალა 25 954 კაცი. შედარებისთვის: 2016 წელს საქართველოში დაიბადა 56 569 და გარდაიცვალა 50 771 კაცი.

- რა არის შობადობის ასე მკვეთრად დაცემის მიზეზი?

- საბჭოთა კავშირის ელვისებურმა დაშლამ, საარსებო სივრცეების მოსპობამ და სხვა საარსებო სივრცეების ძებნამ, ეკონომიკური ვითარების გაუარესებამ მთავარი­ როლი ითამაშა შობადობისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესებაში. გარდა ამისა, შობადობაზე მოქმედების ერთ-ერთი ფაქტორი განქორწინებაა. თუ გასული საუკუნის 50-იან წლებში 49 ქორწინებაზე 1 განქორწინება მოდიოდა, 90-იანებში 6 ქორწინებაზე 1 განქორწინება იყო, ამჟამად კი, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. რეგიონებზე მძიმე მდგომარეობაა თბილისში - აქ 1,5 ქორწინებაზე 1 განქორწინება მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ლამის ყოველი ქორწინება განქორწინებით მთავრდება.­ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა აჭარაში, სადაც 4 ქორწინებაზე 1 განქორწინება­ მოდის, ასევეა ქვემო ქართლშიც, ყველაზე კარგი მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთშია, სადაც 5 ქორწინებაზე 1 განქორწინება­ მოდის. განქორწინებათა შედეგად 8%-ით მცირდება შობადობა. განქორწინების მოტივის დასადგენად სასამართლო საქმეების შესწავლა ბევრს არაფერს იძლევა, მეუღლეები ერიდებიან რეალური მიზეზის სააშკარაოზე გამოტანას და ხშირად მსჯელობის საგნად ხდიან მხოლოდ ისეთ ზოგად მხარეს, როგორიცაა ხასიათის შეუთავსებლობა, რაც საკმარისია განქორწინებისათვის.

რა თქმა უნდა, შობადობის დონის შემცირება არ დაიყვანება მხოლოდ განქორწინებაზე, მაგრამ უდავოა, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შობადობის დონე მაღალია, განქორწინების დაბალი მაჩვენებელია...

რაც უნდა გაუმჯობესდეს საარსებო პირობები, შობადობა კიდევ უფრო შემცი­რდება. დინამიკა თუ არ შეიცვალა, ეს პროცესი პიკს 2020-იანი წლების შუა ხანებში მიაღწევს.

- რატომ?

- 1980-89 წლებში საქართველოში დაიბადა 455 000 გოგონა, ბოლო ათწლეულში კი (2000-2009 წწ.) - 236 000. 20-დან 30 წლამდე ქალი ყველაზე ნაყოფიერია,­ ანუ 1980-89 წლებში დაბადებულმა გოგონებმა უკვე მიაღწიეს ამ ასაკს... ახლა ისინი შევლენ ფერტილურ ასაკში, რომლებიც 2000-იან წლებში დაიბადნენ. მათი რაოდენობა კი დაახლოებით იმის ნახევარია, რაც იყო 1980-89 წლებში. ამას მიუმატეთ ისიც, რომ ბევრი გოგონა ემიგრაციაშია. ნათელია, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება!

სოციოლოგიური კვლევისას, კითხვაზე: რამდენ ბავშვს იყოლიებდით? პასუხობენ: 3 ან მეტი, მაგრამ ჰყავთ 1 ან 2. 21-ე საუკუნის დამდეგს ამდენი პატიმარი და პრობა­ციონერი რომ გვყავდა ქვეყანაში, განა ამან დემოგრაფიაზე არ იმოქმედა? 1989 წელს მსჯავრდადებულთა რაოდენობა­ 8 400-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით საბჭოთა კავშ­ირში მე-11 ადგილზე ვიყავით. 2003 წელს ქვეყანაში მსჯავრდადებულთა რაოდენობამ­ 8 110 შეადგინა (მათგან თავისუფლების აღკვეთა 2324 კაცს მიესაჯა), მას შემდეგ პატიმართა რაოდენობა საოცრად იზრდება. 2007 წელს 21 170 მსჯავრდადებული გვყავდა, 9 788 - თავისუფლებააღკვეთილი­ (ანუ 4-ჯერ მეტი, ვიდრე 2003 წელს) და დაახლოებით 300 000 პრობაციონერი. დაპატიმრებული იყო ის თაობა, რომელმაც ერი უნდა გაამრავლოს. იგივე თაობა წავიდა ემიგრაციაშიც. ამან დიდი როლი ითამაშა დემოგრაფიული ვითარების გაუარესებაში...

2002 წელს გაუკაცრიელებული იყო 143 სოფელი, 2014 წელს - 223. 2002 წელს იყო 16 ერთკაციანი სოფელი, ახლა არის 39 ერთკაციანი სოფელი. იყო 19 ორკაც­იანი სოფელი, ახლა - 46. 2002 წელს იყო 132 1-10-კაციანი სოფელი, 2014 წელს - 255.

- შემდეგი აღწერის შედეგი უარესი­ იქნება?

- ბუნებრივია. ამიტომ ეს პროცესი­ უნდა შევამციროთ. ემიგრაციაში მივდივართ ჩვენ, იმიგრაციიდან მოდის სხვა, თან ისეთი­ ქვეყნებიდან, სადაც ძალიან მაღალია შობადობის დონე. უნდა გამკაცრდეს ემიგრაციული პროცესები. ქვეყანაში 800 0000-მდე პენსიონერი გვყავს, მიღებული სკალით, მოსახლეობა­ დაბერებულად ითვლება, თუ 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 18%-ს უდრის, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

- როგორ შევცვალოთ სასიკეთოდ დემოგრაფიული სიტუაცია?

- 2014 წლის ივლისიდან შობადობის წახალისება დაიწყო იმ რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული ვითარება მძიმეა (კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი და გურია) - მე-3 ბავშვის დაბადებაზე 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარი გაიცემა, ხოლო მთაში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში - 200 ლარი.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 20 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად