სასურველ ორგანიზაციაში სასურველი თანამდებობის დაკავება რთულია, განსაკუთრებით ჩვენში, სადაც უმუშევრობა დიდი პრობლემაა.
ხშირად ვნახულობთ შესაფერის ვაკანსიას, თუმცა გასაუბრებამდეც კი ვერ ვაღწევთ. რა არის ამის მიზეზი, როგორ გავზარდოთ დასაქმების შანსი? ჩვენი რესპონდენტი ანა ნაჭყებია წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე.
- სამუშაოს ძიების პროცესში განათლებასთან, გამოცდილებასა და პროფესიონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანია, როგორ შევძლებთ თავის წარმოჩენას დამსაქმებელთან.
- ამისათვის რა არის საჭირო?
- უპირველესად, უნდა გავიგოთ მეტი პოტენციურ დამსაქმებელსა და სასურველ პოზიციაზე. ყურადღებით გადაიკითხეთ ვაკანსიის განაცხადი, განსაკუთრებით კვალიფიკაცია და ძირითადი მოვალეობები. დამსაქმებლები ხშირად ჩივიან, რომ კანდიდატების უმრავლესობამ ძალიან მცირე რამ იცის ორგანიზაციისა და ვაკანსიის შესახებ. ორგანიზაციაზე ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო გზაა ორგანიზაციის ვებგვერდი და "ფეისბუქის" გვერდი.შემდეგი ეტაპია გავიგოთ, თუ რამდენად შეეფერება ჩვენი გამოცდილება და ინტერესები ვაკანსიას. ხშირად სამუშაოს მაძიებლები გზავნიან საკუთარ რეზიუმეს ისეთ ვაკანსიაზე, რომელიც ნაკლებ კომპეტენციასა და გამოცდილებას მოითხოვს, ვიდრე აპლიკანტს აქვს. ამ შემთხვევაში ზედმეტად კვალიფიციურ"კადრს ისევე ნაკლები შანსი აქვს დასაქმდეს, როგორც არასაკმარისად კვალიფიციურს, ამიტომ აუცილებელია, სწორად მოხდეს ვაკანსიის მოთხოვნებისა და ჩვენი შესაძლებლობების შეფასება.
დადგენილია, რომ პირველი შთაბეჭდილების ეფექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალ ურთიერთობებზე. პირველ შთაბეჭდილებას კი დამსაქმებელი აპლიკანტის რეზიუმეთი იღებს. ჩვენი რეზიუმე უნდა იცვლებოდეს, ანუ ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის უნდა გადაიხედოს და გამოიკვეთოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. რეკომენდებულია, რეზიუმე იყოს მოკლე (1-2 გვერდი), მკაფიო და რელევანტური ვაკანსიისთვის. უსათუოდ უნდა გვქონდეს ელფოსტა, რომელიც არ ჟღერს არაფორმალურად (არ შეიცავს კნინობით სახელს, მეტსახელს და ა.შ).
ბოლო და უმნიშვნელოვანესი ეტაპი გასაუბრებაა. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს კომპეტენციის კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, მას უნდა შეეძლოს საკუთარ კომპეტენციასა და უნარ-ჩვევებზე დამაჯერებლად საუბარი და პოზიტიური კუთხით წარმოჩენა.
- მოდი, დავიწყოთ იმით, თუ როგორ უნდა წარვდგეთ და როგორ მოვიქცეთ მანამ, სანამ დამსაქმებელსა და აპლიკანტს შორის დიალოგი დაიწყება. როგორც ვიცი, საზღვარგარეთ გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა, რომელიც გასაუბრებაზე წარსადგენთა ეტიკეტს გვაცნობს. რას ითვალისწინებს ეს და რამდენად შეესაბამება ქართულ რეალობას?
- ზოგადად, რეკომენდაციები მსგავსია საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. კარგი ტონია, რომ ვიცნობდეთ ორგანიზაციას, სადაც გასაუბრებაზე ვართ. საქართველოში აპლიკანტები ნაკლებად ემზადებიან გასაუბრებისთვის... არადა, პოზიტიური შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია გასაუბრების ეტიკეტის დაცვა. ამისთვის აპლიკანტს დრო უნდა ჰქონდეს სიტუაციაში გასარკვევად. გამოცხადდით გასაუბრებაზე 10 წუთით ადრე, ეს საშუალებას მოგცემთ კონკრეტული ორგანიზაციის ეტიკეტზე შეგექმნათ წარმოდგენა. წესისამებრ, აპლიკანტმა საჭიროა დაიცადოს, ვიდრე არ სთხოვენ გასაუბრების ოთახში შესვლას.ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს გასაუბრების პროცესის აღქმა - ხშირად ეს ჰგონიათ ერთგვარი გამოცდა, სადაც აპლიკანტი არის გამოსაცდელი პირის როლში. მიუდექით პროცესს, როგორც საქმიან საუბარს, სადაც ორივე მხარის ინტერესები თანაბრად მნიშვნელოვანია.
- თქვენ მუშაობდით პროექტზე "დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა". შეხვდით ბევრ სამუშაოს მაძიებელს. გვიამბეთ მათ შესახებ.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 20 ნოემბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად