ვიყავით თუ არა ქართველები პირველი მეღვინეები - ამაზე დიდი ხანია, კამათობენ.
მართალია, ჩვენ ამას სრულ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, მაგრამ ვიდრე მსოფლიო არ აღიარებდა, ჩვენი არგუმენტები უსაფუძვლო იყო. მსოფლიოს პირველ მეღვინეებად დღემდე "სპარსელები" ითვლებოდნენ - ირანში, ზაგროსის მთიანეთში აღმოჩენილი ძვ.წ. V ათასწლეულის ღვინის კვალი კაცობრიობისთვის უძველესად მიიჩნეოდა. ამ დღეებში აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ - "საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან" - მსოფლიო მეღვინეობისთვის ბომბის აფეთქების ეფექტი იქონია და დაადასტურა, რომ დედამიწაზე ყველაზე ძველი ღვინო ქართულია, მას საქართველოში მოსახლე ტომები ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ, ანუ ირანის ტერიტორიის მოსახლეობაზე დაახლოებით 600 წლით ადრე. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ სწორედ ამ პერიოდისთვის საქართველოს ტერიტორიაზე იყო ვაზის გაშენებისთვის ყველაზე ხელსაყრელი კლიმატი.
ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენს, რამდენად დიდი, მრავალწლიანი შრომა დასჭირდა ამ დასკვნას. პროექტში ერთდროულად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ღვინის სააგენტო, სამეცნიერო კვლევებს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 17 მეცნიერი ატარებდა ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის იყო მსოფლიოში ცნობილი ელისო ყვავაძეც. PNAS-ის სტატიაში დაწვრილებით არის განხილული საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაზე ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევები. ელისო ყვავაძემ ქართული ღვინის 8000-წლოვანი ასაკი ჯერ კიდევ 2010 წელს დაადასტურა პოლინოლოგიური კვლევებით, რის შესახებაც "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ელისო ყვავაძე ჩვენი სტუმარია და ქართული ღვინის მსოფლიო მნიშვნელობაზე გვესაუბრება:
- დღევანდელი შედეგი არ გვექნებოდა, ჩვენი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო დაინტერესებული და ქართველ მეცნიერებს დიდი ხნის მანძილზე არ გვემუშავა ამ თემაზე. უამრავი ნივთიერი მტკიცებულება გვაქვს, რომელთა მოპოვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის არქეოლოგიურ ექსპედიციებს, რომელთაც საქართველოში ღვინის კულტურის კვალი ჯერ კიდევ…ნეოლითური, ქვის ხანის ნამოსახლარებში აქვთ აღმოჩენილი. ჩვენ ამ ეპოქის ძალიან მდიდარი არქეოლოგიური ძეგლები გვაქვს. მაგალითად, შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და ა.შ. სხვათა შორის, ამ ტერიტორიებზე, ვაზის კულტურასთან ერთად, უძველესი კულტურული მემარცვლეობაც დასტურდება - აღმოჩენილია ხორბლისა და პარკოსნების ნაშთები. რაც შეეხება ვაზს, წიპწებთან ერთად ნაპოვნია სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რომელიც ამტკიცებს, რომ უკვე ნეოლითის ხანაში ჩვენში მოსახლე ადამიანი მევენახეობას ეწეოდა. 2010 წელს შესაძლებელი გახდა კერამიკის უძველეს ჭურჭელზე დატოვებული მტვრის შემადგენელი ნივთიერებების 500-ჯერ გადიდება და გაირკვა, რომ ეს მტვერი სწორედ ღვინისა იყო. ჭურჭელი დაახლოებით ქრისტეს შობამდე 6000 წლის გახლდათ, შესაბამისად - მასში ჩასხმული ღვინოც. ასე დადასტურდა, რომ ჩვენ ღვინო უკვე 8000 წლის წინ გვქონდა...
- ბოლო კვლევები მეცნიერების კიდევ უფრო უახლესი ტექნოლოგიებით ჩატარდა.
- დიახ, მიკროსკოპებით, რომლებიც ნივთიერებებს უკვე 800-1000-ჯერ ადიდებს. ამ მიკროსკოპებში შესაძლებელია ათასწლეულების წინანდელი ღვინის უჯრედისა თუ ღვინის ქინქლის ბუსუსების დანახვაც. კვლევებში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა (იტალია, ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, დანია) და თითოეულმა უდიდესი მუშაობა ჩაატარა. ამიტომაც დაიდო ასეთი დასკვნა და დაიბეჭდა სტატია ისეთ ჟურნალში, სადაც მხოლოდ უდიდეს აღმოჩენებზე წერენ! მეღვინეობის ყველაზე ძველი კვალის საქართველოში აღმოჩენა უსათუოდ დაეხმარება ქართველ მეღვინეებს, რომლებიც ქართული ღვინის რეალიზაციისთვის მსოფლიოში გზას იკვალავენ. სტიმული ეძლევათ ქართველ მეღვინე მეცნიერებსაც, რომლებიც ქართული ვაზის უძველესი ჯიშების აღდგენაზე მუშაობენ..."ჩვენ ჯერ კიდევ ქვის ხანაში გავაშენეთ ვაზი"
მეცნიერება სულ უფრო წინ მიდის და მეღვინეობის დოქტორის, დავით ჩიჩუას აზრით, შესაძლოა მომავალმა აღმოჩენებმა ქართული ღვინის კიდევ უფრო ძველ კვალზე გაგვიყვანოს.
- არ გამოვრიცხავ, რომ ქართველები ღვინოს 8000 წელზე ადრეც აყენებდნენ. შესაძლოა, ეს აღმოჩენები იმ ტერიტორიებზე მოხდეს, რომელიც ჩვენ აღარ გვეკუთვნის და მეზობელ სახელმწიფოებს აქვთ მიტაცებული... ვაზის გავრცელებისთვის ჩვენში შესაბამისი კლიმატი რომ იყო, ამას კლიმატოლოგები ადასტურებენ. ვაზის სამშობლო ვერაფრით იქნება, მაგალითად, გერმანია, სადაც სრულიად ბუნებრივია მინუს 15 გრადუსი ყინვა, რაც ვაზის ნარგაობას ბოლოს მოუღებს, მაგრამ საქართველოში ასეთი ყინვები არ აღინიშნება, შესაბამისად, ვაზიც ხარობს. ასე რომ, ჩვენ ჯერ კიდევ ქვის ხანაში მოვკიდეთ ხელი ვაზის გაშენებას - ვაზის გადაჭრა თუ გასხვლა ქვის იარაღებითაც შეიძლებოდა. ქვის ხანის ბოლოს, ნეოლითში აღმოჩენილი კერამიკის ჭურჭელიც ჩნდება. სწორედ ამით დადასტურდა, რომ ჩვენში დედამიწაზე ყველაზე ძველი ღვინის კვალია.
- ქვის ხანის კერამიკის ჭურჭელი იმდენად მყარია, რომ დღემდე მოვიდა, ღვინოც შემოგვინახა და ალბათ, უფრო გვიანდელი ეპოქებიდან მეტი ექსპონატი გვექნება შემონახული...
- რასაკვირველია. უთვალავი მასალა გვაქვს აღმოჩენილი; ის კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ძვ.წ. III ათასწლეულის, ანუ ენეოლითის მარანია აღმოჩენილი. ალაზნის ველის სამაროვნებში კი ძვ.წ. III-II ათასწლეულების ვერცხლისა და ოქროს ფიალები, ბორჯომსა და ვარძიაში ძვ.წ. IV-III ათასწლეულების ქვევრები. ვარძიაში ამ პერიოდის ორმაგკედლიანი ქვევრებიც კი აღმოაჩინეს. ძვ.წ. III-II ათასწლეულების თრიალეთის ღვინის თასები კი ხელოვნების შედევრია. საქართველო რომ ღვინის სამშობლო არ ყოფილიყო, ღვინის კულტურა ასეთ მაღალ დონეზე ხომ ვერ იქნებოდა?! ქართველებს ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება დამპყრობლების მრავალსაუკუნოვანი ბატონობის დროსაც კი არ შეგვიწყვეტია - მაშინაც ვუვლიდით ვაზს, ვწურავდით ღვინოს და ვასხამდით ქვევრებში, გამოგვყავდა ვაზის ახალი ჯიშები.- თუმცა, რუსეთის იმპერიის ბატონობისას ქართული ვაზის ჯიშების უმრავლესობა განადგურდა.
- ქართული ვაზის ჯიშები რუსეთის იმპერიას არ გაუნადგურებია, პირიქით, მოინდომეს ქართული ვაზის გამრავლება, მაგრამ მხოლოდ ერთგვაროვანი, რუსული ბაზრისთვის, რადგან ტკბილი და ნახევრადტკბილი ღვინოები მოსწონდათ. რაც შეეხება განადგურებას, არა მხოლოდ ჩვენთან, ევროპაშიც ვაზის კულტურა ამერიკიდან შემოტანილმა ჭრაქმა და ფილოქსერამ გაანადგურა, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და ნაღდი ქართული ჯიშები იზაბელათი ჩაანაცვლეს, რომელსაც დაავადებები ვერ ერევა.წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 20 ნოემბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად