"ფაროსანა არ არის მწერი, რომელიც შეიძლება 1-2 წელში დამარცხდეს, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს ზიანი ნაკლები იყოს"

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ აზიური ფაროსანას პოპულაციის კონტროლქვეშ მოქცევა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებობს მომავალი წლის სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის, როგორც ბუნებრივი მტრის, ასევე ქიმიური მეთოდებით ბრძოლის საშუალებები.

„ნებისმიერი ბუნებრივი მტერი შეიძლება განვიხილოთ, თუმცა მათი შემოყვანა მეცნიერების მრავალწლიანი შრომის და მუშაობის შედეგად შეიძლება მოხდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალ წელს მაქსიმალურად შევძლოთ აზიური ფაროსანას პოპულაციის კონტროლქვეშ მოქცევა. ფაროსანა არ არის მწერი, რომელიც შეიძლება ერთ და ორ წელიწადში დამარცხდეს, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს ზიანი ნაკლები იყოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მან მოსახლეობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ ფაროსანასთან საჭიროა ერთობლივი ბრძოლა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე მოსახლეობის.

„ამჟამად საჭიროა თხილის ბაღებში მოსახლეობამ დაიწყოს გამოსუფთავების და გასხვლის სამუშაოები, ასევე დამუშავდეს ქიმიურად. ეს სამუშაოები აზიურ ფაროსანასთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა კავშირშია მაღალმოსავლიანობასთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.