შეკვეთილში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს.
როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, სასტუმროს ოფიციალური გახსნა ზამთარში არ იგეგმება და სავარუდოდ, გაზაფხულისთვის გადაიწევს.
სასტუმროს ოპერირებას უწევს „მერიოტი“, რომლის ვებგვერდზეც სასტუმროს ოფიციალური ჯავშანი 1 მარტიდან არის შესაძლებელი და 1 ღამის ფასი 251 ლარიდან იწყება. სხვადასხვა პერიოდში ნომრების ფასი, 251 ლარიდან 1 650 ლარის ფარგლებში მერყეობს. საპრეზიდენტო ნომრების ფასი კი 2 750-3 300 ლარის ფარგლებშია.
სასტუმროში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი იქნება. სასტუმრო კომპლექსი მოიცავს ასევე 2 000 კუბური მეტრი მოცულობის აკვარიუმს, ზღვაში 150 მეტრზე შეჭრილ აუზს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს წყლის სასრიალო ატრაქციონებით, 3 500 კვადრატული მეტრი ფართობის ზამთრის ბაღს, კინოს, ჩოგბურთის კორტებს, სპორტულ მოედნებს, წყლის გიგანტურ ტობოგანს.
სასტუმროს „თანაინვესტირების ფონდი“ აშენებს და მისი ჯამური ღირებულება 80 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
იხილეთ ფოტოგალერეა