ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან 2020 წლამდე თავისუფლდებიან. ამის შესახებ ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის.
„2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად,“- აღნიშნულია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტში.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის საკონტროლო - სალარო აპარატის გარეშე გამოვლენა ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის (თითოეული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის მიხედვით, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო - სალარო აპარატით) 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
პროექტის თანახმად, პირი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე ახორციელებდა ბაზრობის ორგანიზებას ( გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა), ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა საკონტროლო-სალარო აპარატებით ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის 1/3; არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის 2/3, ხოლო არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი სალარო აპარატებით სრულად უზრუნველყოს.
ცნობისთვის, მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ პირებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2018 წლიდან უნდა დაკისრებოდათ.