ევრო ზონაში ინფლაციის ზრდის ტემპი შენელდა

ევროკავშირის სტატისტიკის ოფისმა, ოქტომბერში ევრო ზონაში ინფლაციის კორექტირებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად,  ევრო ზონაში ინფლაციის დონე, კვლავ ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ დონეზე დაბლა იმყოფება და მისი ზრდის ტემპი შემცირებულია.

გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალო წლიური ზრდა 1.4 პროცენტი იყო, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე (1.5%) ნაკლებია. თვიდან თვემდე პერიოდში, იგივე ინდექსი 0.1 პროცენტით არის გაზრდილი. თუმცა ამ მხრივაც, წინა თვეში უფრო მაღალი მაჩვენებელი (0.4%) დაფიქსირდა.

ევროპის ცენტრალური ბანკისთვის (ECB), ინფლაციის მიზნობრივი დონე 2 პროცენტია. მასთან მიახლოებაზე დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

საბაზისო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო ფასების გარდა, საკვებისა და ენერგორესურსების ფასებსაც მოიცავს და რომელიც ძირითადი მაჩვენებელია ECB-ს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 0.9 პროცენტით არის გაზრდილი. სექტემბერში საშუალო წლიური ზრდა 1.1 პროცენტი იყო.