დასავლეთ საქართველოში თხილის კატასტროფულად დაბალი ფასების გამო, უამრავმა გლეხმა საერთოდ უარი თქვა ნაყოფის მოგროვებაზე.
ბოლო დროს კი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ფერმერებმა თხილის პლანტაციების აყრა დაიწყეს, რადგან არსებული ინფორმაციით, მომავალი წელი უარესი იქნება.
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრის დავით ჭკადუას თქმით, ახლანდელ თხილს საჭირო მოსავლის მისაღებად ძალიან დიდი თანხა სჭირდება, რისი საშუალებაც, ბევრს არ აქვს და ამიტომ თხილის აყრა გადაწყვიტეს.
"სიმინდს დავთესავ ან მარწყვის სათბურს გავაკეთებ. თხილის იმედი უკვე აღარ მაქვს და მიწას ტყუილად ხომ არ გავაცდენ. მხოლოდ ხოჭოს პრობლემა არ არის, სოკოთია დაავადებული და მხოლოდ სემინარების ჩატარებით პრობლემას ვერ ეშველება. მკურნალობა სჭირდება, მაგრამ მე და ჩემნაირები ამას ვერ გავწვდებით", - ამბობს დავით ჭკადუა.
მისივე თქმით, ამ აზრს კიდევ არაერთი ადამიანი იზიარებს. თუ მომავალ წელს წლევანდელივით კატასტროფული შედეგი დადგა და პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, თხილის პლანტაციის გაჩეხვამ, შესაძლოა, უფრო მასობრივი სახე მიიღოს.
ადგილობრივების თქმით, სპეციალისტებმა სოკოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად, მცენარის ძირში მოჭრა ურჩიეს, რასაც ზოგი აკეთებს კიდეც. თუმცა, უფრო მეტია ისეთი, ვინც თხილი იმ ზომაზე გადაჭრა, რომ შეწამვლა გაუადვილდეს.
ლალი პაპასკირი