დენის ტარიფის გაძვირების ალბათობა მალე რეალობად იქცევა.
ენერგეტიკოსები უკვე თამამად აცხადებენ, რომ ლარის დევალვაციის ფონზე გადასახადის გაძვირება გარდაუვალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სავალუტო კრიზისმა საქართველოს ფინანსური ბაზარი იმდენად არასტაბილური გახადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმას კომპეტენტური პირებიც უკვე აშკარად ერიდებიან. ისინი ელოდებიან, რომ ტარიფი მოიმატებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგით, ჯერჯერობით არ ჩანიშნულა.
ყველა არსებული კომპანია ტარიფის ზრდას ითხოვს და კომუნალური გადასახადის გაზრდის რისკი, რეალურად, დიდია. სემეკის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მოხდება გეგმური განხილვა, რის საფუძველზეც 2018 წლის ტარიფი დადგინდება. შეიცვლება გადასახადი თუ არსებული შენარჩუნდება, ამაზე უწყებაში, ცხადია, ჯერჯერობით არავინ საუბრობს.
"როგორც წესი, კონკრეტული დეპარტამენტი დაიწყებს კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური მონაცემების შესახებ დოკუმენტაციის შესწავლას. ამის შემდეგ იქნება არსებითი განხილვა საჯარო სხდომაზე და კონკრეტულ ტარიფთან დაკავშირებით ინფორმაციაც გახდება ცნობილი, ანუ ამ ეტაპზე მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება იწყება. ეს არის სამართლებრივი პროცესი, დადგინდება, რა ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიამ.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს თავისი მოსაზრება, მათ შორის, ანონიმურადაც, განისაზღვრება წინადადებების განხილვისა და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა, მხოლოდ მაშინ იქნება დეტალები ცნობილი ტარიფებთან დაკავშირებითაც. თუმცა ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგით, ჯერჯერობით არ ჩანიშნულა", - განუმარტეს "ბიზნეს-რეზონანსს" სემეკში.
გასათვალისწინებელია, რომ სემეკს ტარიფის გაანგარიშება სწორედ იმ პერიოდში უწევს, როცა კურსი, ტრადიციულად, ყველაზე მაღალია. იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა უბრუნდება ქაოსს და არც ენერგეტიკის სფერო იქნება გამონაკლისი.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეცვალა, რადგან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უკვე პირდაპირ უქმნის ყველა დაბრკოლებას ქვეყნის ეკონომიკას და სხვადასხვა დარგს, მათ შორის ენერგეტიკას.
"დღევანდელი კურსის მიხედვით, კორექცია ტარიფში აუცილებლად შევა. თუ ამ მაჩვენებელზე დარჩა ლარი, ცვლილება გარდაუვალია. 2,70-ის ფარგლებშია კურსი, ამას ნამდვილად არ ველოდი. 1 თვის წინ 2,45-ის ფარგლებში იყო და წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ამ დონეზე გაუფასურდებოდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შეიცვლება, ცოტა ადრე ასე არ ვფიქრობდი. 2,50 საკონტროლი ნიშნულადაა აღებული, მცირე სხვაობა გამყარების ან დევალვაციის მიმართულებით, რეალურად, ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ელექტროენერგიის გადასახადის შენარჩუნება უკვე საეჭვოა და არანაირ ლოგიკაშიც არ ჯდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ კურსი შედარებით დაბალ ნიშნულზე არ დასტაბილურდა, ტარიფს აუცილებლად გაზრდიან. ახლანდელ დონეზე (2,70) თუ გააჩერებენ, სასიკეთო არაფერი მოხდება", - განუცხადა "ბიზენს-რეზონანსს" არაბიძემ და დასძინა, რომ ტარიფის გაძვირება რთულად გადასატანი იქნება მოსახლეობისთვის.
უკიდურეს სიტუაციაში, ენერგეტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტში დათმონ და ამით სოციალური ფონის გამწვავებას მოერიდონ.
"მნიშვნელოვანია, რა კომპონენტში იქნება ზრდა, შეიძლება ისიც, რომ სამომხმარებლო ტარიფს არ დააწვეს კურსი და სიმძიმის ცენტრი სხვა მიმართულებით გადაიტანონ, გნებავთ, გატარების ან გენერაციის ტარიფში და სხვა. ფაქტია, რომ ენერგეტიკის სფეროზე ეს გაძვირება ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება სამომხმარებლო ტარიფი შევინარჩუნოთ, სერიოზული მსჯელობის საკითხია, წინასწარ ვერაფერს იტყვი", - ამბობს არაბიძე.
მართალია, პროგნოზირება უჭირს, მაგრამ უარყოფით განწყობას არც ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა მალავს. მისი აზრით, სემეკს არსებულ სიტუაციაში ტარიფის შენარჩუნება გაუჭირდება.
"ბუნებრივია, დენის გადასახადი გაიზრდება, თუკი ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურებას გააგრძელებს. კომპანიები ითხოვენ ტარიფის კორექტირებას კურსის შესაბამისად, რაც ლოგიკურია. სემეკს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ახლა ძნელია პროგნოზი, როგორი იქნება მისი პოზიცია საბოლოოდ, ყველაფერი მოსალოდნელია.
ცხადია, დეტალურად იქნება შესწავლილი ელექტროგამანაწილებელი კომპანიების დანახარჯი, რასაც ტარიფი ითვალისწინებს. წესით, იმედიანი განწყობის საბაბი არ გვაქვს, მაგრამ ხელს ვერ ჩავიქნევთ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დაბლა წამოვიდეს კურსი, არაფერს გამოვრიცხავ", - ამბობს მირცხულავა.
გადასახადის ზრდით სინამდვილეში დაზარალდება არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენა, მცირეშემოსავლიანი მოსახლეობის ბიუჯეტსაც მკვეთრად შეარყევს. ექსპერტები ბიზნესს მოუწოდებენ, რომ საკუთარი მოგების ხარჯზე არ გაწირონ მოსახლეობა, რომელიც მიმდინარე ხარჯსაც ვერ უმკლავდება.
"კომუნალური გადასახადის გაძვირება საშუალოზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნება. საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომლის შემოსავალი შეზღუდულია ან აქვს მინიმალური შემოსავალი, მის დიდ ნაწილს კვებას, კომუნალურ გადასახადებს და მედიკამენტებს ახმარს. როცა ამ ხარჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მატულობს (ამ შემთხვევაში კომუნალური ტარიფი), არათუ დაზოგვის საშუალება ექნება, არამედ თვიდან თვემდე თავის გატანაც შეიძლება გაუჭირდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნესს, რომ შეჩერების რაღაც მექანიზმი გამოიყენოს და არ გააძვიროს გადასახადი, რაც დიდ ტვირთად დააწვება ხალხს და მსყიდველობით უნარს მნიშვნელოვნად შეამცირებს", - ასეთია ეკონომისტების მოსაზრება დენის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"