ჟურნალმა „ფორბსმა“ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა.
გასული წლის ივნისიდან მიმდინარე წლის ივნისამდე მსოფლიო შოუ-ბიზნესში ყველაზე მეტი შემოსავლის მიღება ბიონსემ შეძლო. მისი შემოსავლები 105 მილიონ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზე გავიდა ბრიტანელი ადელი, რომლის შემოსავლებმა 69 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მესამეა ამერიკელი ტეილორ სვიფტი 44 მილიონი დოლარით.
აღსანიშნავია, რომ ბიონსეს შემოსავლების დიდი წილი მოდის მის საკონცერტო ტურნეზე Formation World Tour, რომელიც ბოლო სტუდიურ ნამუშევარს Lemonade-ს მოჰყვა. გასულ წელს კი მომღერლის სუფთა შემოსავლებმა 54 მილიონი შეადგინა და წინა წლის რეიტინგში მხოლოდ მეხუთე იყო.
რაც შეეხება მეორეადგილოსან ადელს, მასაც ბიონსეს მსგავსად წარმატებული საკონცერტო ტურნე და ალბომების გაყიდვები ჰქონდა. ბრიტანელი მომღერლის ალბომი „25“ გასული წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი იყო და საერთო ჯამში დღემდე მისი 25 მილიონამდე ტირაჟია რეალიზებული მსოფლიოს მასშტაბით.
საკმაოდ შემოსავლიანი ტურნე ჰქონდა ტეილორ სვიფტსაც, რომლის „1989 Tour“-მა ჯამში 170 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. გამოცემა იმასაც დასძენს, რომ სვიფტს აქვს ყველანაირი შანსი მომავალი წლის რეიტინგის სათავეში აღმოჩნდეს, ვინაიდან მისი ალბომი Reputation, რომელიც ერთი კვირის წინ გამოვიდა, უკვე გაიყიდა მილიონიანი ტირაჟით და წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა. რა თქმა უნდა, ამ ალბომს მოჰყვება მომღერლის ახალი საკონცერტო ტურნეც, რომელიც 2018 წელს დაიწყება.
წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მომღერალი ქალების ათეული ასე გამოიყურება:
10. ბარბარა სტრაიზანდი - 30 მილიონი დოლარი
9. კეტი პერი - 33 მილიონი დოლარი
8. ბრიტნი სპირსი - 34 მილიონი დოლარი
7. რიანა - 36 მილიონი დოლარი
6. დოლი პარტონი - 37 მილიონი დოლარი
5. ჯენიფერ ლოპესი - 38 მილიონი დოლარი
4. სელინ დიონი - 42 მილიონი დოლარი
3. ტეილორ სვიფტი - 44 მილიონი დოლარი
2. ადელი 69 მილიონი დოლარი
1. ბიონსე - 105 მილიონი დოლარი
კოკა კვირკველია