ლარის გაუფასურება ძალიან რთული თემაა და სამთავრობო ხარჯების შემცირება პატარა პწკენასავით იქნება.
ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ასეთი პატარ-პატარა პწკენების სქემები სხვებიც გვქონდა, მაგალითად ლარიზაციის სქემა. ეს არ იყო ფუნდამენტური საკითხი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე უნდა დააყენოს. ქვეყნის ეკონომიკას რომ უშველო, უნდა გესმოდეს რას აკეთებ. თორემ ასე - გუშინ ეკონომიკის მინისტრი იყავი, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ხდები, ან ფინანსთა მინისტრად მოდის კაცი, რომელსაც მაკროეკონომიკური განათლება არ აქვს, გინდა უპწკინე, გინდა ჩაქუჩი ჩაარტყი. რა იქნება შედეგი?!“ - აღნიშნა პაპავამ.
მანვე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებსა და რეორგანიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ცვლილებები დაანონსდა, იქვე უნდა ყოფილიყო საუბარი იმაზე თუ რა ეკონომიას გამოიწვევს ეს რეორგანიზაცია.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ უბრძანა სასწრაფოდ შეცვალეთ ეს ყველაფერიო. ხელისუფლებაც იძულებული იყო ეს გაეხმოვანებინა, ხოლო გააზრება თუ რა ეკონომიას იწვევს, არ მომხდარა. ამასთან, ეს სქემა, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართ და მისი გაუქმება. როგორ შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს ჩააბარო რესურსების მართვა. სამინისტრო ხომ დაინტერესებული იქნება, ეს რესურსები რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოიყენოს, მაშინ როცა მათი რაციონალურად გამოყენება უნდა მოხდეს. ან რა შუაშია გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა?! ცალკე საკითხია ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. აღნიშნული აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთებით ვამბობთ, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი პრიორიტეტი აღარ არის. ერთგვარად მოსკოვს კოჭი გავუგორეთ და როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება მომწონდეს. მით უმეტეს, დამერწმუნეთ, დიდი ხარჯის ეკონომია აქ არ იქნება. ეს ფუნქციები მაინც შესასრულებელია და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მომუშავე თანამშრომლების დიდი ნაწილი შესანარჩუნებელი იქნება. ამასთან, პრინციპულად მიუღებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გახდეს ვიცე-პრემიერი. ეს არის ნაბიჯი პოლიციური სახელმწიფოსკენ. არაფრით შეიძლება რომ შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის მინისტრი ვიცე პრემიერის თანამდებობაზე იყოს. პრემიერ-მინისტრს რამე რომ მოუვიდეს, მივლინებაში იყოს ან სხვა საქმე ჰქონდეს, ქვეყანას შინაგან საქმეთა მინისტრს ვაბარებთ და პოლიციური სახელმწიფოსკენ მივდივართ? ამაზე იფიქრა ვინმემ?!“ - განაცხადა პაპავამ.