"საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნაა სურსათის სფეროს ტექნოლოგებზე, აგრონომებზე და შემდუღებლებზე"

საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნაა სურსათის სფეროს ტექნოლოგებზე, აგრონომებზე, შემდუღებლებზე, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მოთხოვნად პროფესიებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ელგუჯა მელაძემ განაცხადა, შრომით ბაზარზე არსებობს მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა, რისი დარეგულირებითაც პროფესიული სასწავლებლები უნდა დაინტერესდნენ.

„როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოს შრომით ბაზარზეც ისევ და ისევ არსებობს მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობის პრობლემა. საქართველოში არსებობს ისეთი შეხედულება, რომ თუ ადამიანს დიპლომი არ აქვს, ის საზოგადოებაში არ აღიქმება სპეციალისტად, რაც მცდარი შეხედულებაა. საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ პროფესიული განათლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან თავისუფალი სამუშაო ადგილები მაქსიმალურად ადგილობრივი კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

საქართველოში ნამდვილად არის სამუშაო ადგილები. ყოველდღე გვიკავშირდებიან მეწარმეები სპეციალისტებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ შესაბამისი კადრები მრავლად არიან, რომლებიც დამსაქმებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უპასუხებენ. მაგალითად, დიდი მოთხოვნაა, სურსათის სფეროს ტექნოლოგებზე, აგრონომებზე, შემდუღებლებზე. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე ადგილობრივ კადრს ვერ ნახავს, პრობლემას მარტივად გადაწყვეტს და სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავს. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელს მოვუწოდებ, ყურადღება გაამახვილონ ისეთ პროფესიებზე, რისი მოთხოვნაცაა შრომით ბაზარზე“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

მისივე განცხადებით, ბოლო დროს რადიკალურად იცვლება პროფესიების მიმართ მოთხოვნები.