საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.
კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებს, გენერალურ აუდიტორს და სხვა თანამდებობის პირებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ახალი გენერალური აუდიტორი. 2017 წლის სექტემბრიდან ამ თანამდებობას ირაკლი მექვაბიშვილი იკავებს. მის მიერ 17 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მექვაბიშვილი ფლობს 173 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკსა და 1 010 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს კოჯორში; ასევე მის საკუთრებაშია ამავე მისამართზე მდებარე 1 020 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2017 წელს 85 750 ლარად აქვს შეძენილი. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „ფოლქსვაგენ პასატი“.
ამასთან, მექვაბიშვილი ფლობდა „თი-ბი-სი ბანკის“ 112 ფასიან ქაღალდს, კერძოდ, სადეპოზიტო სერტიფიკატს, რომელშიც 2016 წელს 100 000 დოლარი აქვს გადახდილი და 167 სადეპოზიტო სერთიფიკატს, რომელშიც 2017 წელს 150 450,45 დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარი აუდიტორის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ირაკლი მექვაბიშვილს "ვი-თი-ბი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 4,01 ლარი; "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასოზე - 3 722,01 ლარი, ანაბარზე - 49 168,93 დოლარი და 520,95 გირვანქა სტერლინგი, საკრედიტოზე კი - 20,18 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მექვაბიშვილის შემოსავალმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში ასოცირებულ დირექტორად, მთავარი ბანკირად მუშაობისას 272 580,47 ლარი შეადგინა. მისმა გასავალმა 2016 წელს შვილების სწავლის საფასურის სახით, 6,876.96 ლარი შეადგინა.
გენერალურ აუდიტორს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს „ნისანს“. დეკლარაციის შევსების მომენტში, "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 4,15 ლარი, ბარათზე 0,36 ლარი, საკრედიტოზე - 3,22 ლარი და 291,09 დოლარი, ანაბარზე - 0,13 დოლარი და 201,14 ევრო; მთავარი აუდიტორის ერთ-ერთ ვაჟს კი „ბაზის ბანკის" ანაბარზე 4 600 დოლარი ჰქონდა.