თბილისის მერის მოადგილე - რამდენიმე დღეში ორბელიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

რამდენიმე დღეში თბილისში, ორბელიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა რადიო ”პალიტრის” გადაცემაში ”შუადღის სტუდია” განაცხადა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის მასშტაბები ისეთივე დიდი იქნება, როგორც ეს აღმაშენებლის გამზირზე იყო.

”რაც შეეხება ისტორიულ შენობებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე დღეა მოვალეობის შესრულებას შევუდექით, მაინც გვაქვს უკვე ძირითადი მონახაზები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდება, შეგვიძლია გამოვყოთ ორბელიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ამჟამად იქ უკვე მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ხოლო რამდენიმე დღეში უკვე დავიწყებთ თავად შენობების რეაბილიტაციას. ამ პროცესში აუცილებლად პრიორიტეტი იქნება, რომ შევინარჩუნოთ ძველი თბილისის იერსახე. მასშტაბი ისეთივე იქნება, როგორიც აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია იყო”, - განაცხადა ბენდელიანმა.