"მერიამ ”სითი პარკს” დარღვევებზე მიუთითა, გამოსწორებისთვის ვადა მისცა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ"

თბილისის მერიამ სითი პარკს დარღვევებზე მიუთითა და გამოსწორებისთვის ვადა მისცა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში უწყება შესაბამისად იმოქმედებს , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”შუადღის სტუდიის” ეთერში განაცხადა.

”არსებობს გარკვეული სახის დარღვევები ”სითი პარკის” მხრიდან. ჩვენს მიერ ამ დარღვევებზე მითითება იქნა გაკეთებული, განისაზღვრა ვადა, რომელშიც კომპანიამ უნდა გამოასწოროს დარღვევები, ხოლო იმ შემთხვევეში, თუ ამას მათი მხრიდან არ მოყვება რეაგირება, შემდგომ ნაბიჯებს დავგეგმამთ კანონმდებლობის შესაბამისად”, - განაცხადა ბენდელიანმა.

წამყვანის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კომპანია ქალაქიდან გაუშვან, ბენდელიანმა უპასუხა, რომ ”არ გამოირიცხება არც ერთი პასუხისმგებლობის საკითხი”.

”თუ კი ხელშეკრულების შეწყვეტაზე მიდგება საქმე, ეს იქნება სასამართლოს გადასაწყვეტი და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რასაც სასამართლო გადაწყვეტს”, - განაცხადა ბენდელიანმა.