თელეთში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ყველის საწარმო გაიხსნა

სოფელ თელეთში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ყველის საწარმო გაიხსნა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

უახლოეს მომავალში ადგილზე 60-მდე სახეობის ყველის დამზადება იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე კი საწარმოში 25 სხვადასხვა ტიპის ყველის დავარგება ხდება. როგორც შპს „თელეთის“ დამფუძნებელმა ანა მიქაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტის ჯამური ღირებულება 1 700 000 ლარია.

bpn„ნებისმიერ ყველს რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაძველებთ სამი ოთხი თვის განმავლობაში. ეს არის დასაწყისი ციკლი. ამის შემდეგ კი ხდება დავარგება. ასევე, საწარმოში მზადდება ჩვილი ყველი სულგუნისა და იმერულის ბაზაზე, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით. საწარმო აბსოლუტურად ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს არის თანამედროვე მიდგომა ყველის წარმოებაში, “-აღნიშნა ანა მიქაძემ.

მისივე განმარტებით, სოფელ თელეთში ყველის ქარხნის გარდა, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. ადგილზე უკვე ფუნქციონირებს მარანი ტურისტებისთვის. სტუმრების მისაღებად მზად არის შოურუმიც. ასევე აშენებულია მეყველეთა სასწავლო სკოლა, რომელიც პირველი ნაკადის მიღებას, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან შეძლებს. შპს „თელეთს“ მალე საკუთარი თხისა და ძროხის ფერმაც ექნება, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება მიწისქვეშა საცავი, სადაც ყველის მუზეუმი იქნება წარმოდგენილი.

ანა მიქაძე ფიქრობს, რომ თელეთში აგროტურიზმთან დაკავშირებული ყველა საკითხი გაზაფხულისთვის მოგვარებული იქნება.

„რაც შეეხება სკოლას, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ქვეყანაში დარგის სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია. სფეროში კადრების სიმცირეა. ის, რომ სახლში ყველის ამოყვანა შეუძლიათ, სულაც არ ნიშნავს საკითხის ცოდნას. მათ ძალიან ბევრი რამე აქვთ დასახვეწი და გამოსასწორებელი, იმისთვის რომ სარეალიზაციოდ სრულყოფილი პროდუქტი შექმნან. ამ საკითხში სოფლის მეურნეობის მინისტრისგან მხარდაჭერის პირობა მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოვახერხებთ კადრების მომზადებას.“-აღნიშნა ანა მიქაძემ.

bpn

მეყველეთა სასწავლო სკოლაში კურსის ხანგრძლივობა 45 დღე იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში საშუალოდ 15-20 მსმენელის მიღება მოხდება. ანა მიქაძე მეყველეთა სასწავლო სკოლაში თეორიული სწავლების დანერგვას არ აპირებს და ამბობს, რომ აქ პრაქტიკოსი მეყველეების მომზადება მოხდება, რომელთაც უშუალო და ყოველდღიური შეხება ექნებათ საქმესთან. სასწავლებელი გასცემს შესაბამის სერთიფიკატსაც. მასტერკლასებს კი ქართველებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტები ჩაატარებენ.

„ამაში ჩვენი დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვეხმარებიან. მეყველეთა სასწავლო სკოლაში სწავლის დაწყება ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება. არ გვექნება არანაირი შეზღუდვა და ბარიერი, მთავარია, ადამიანს აინტერესებდეს და უნდოდეს ამ საქმის შესწავლა.“-ამბობს ანა მიქაძე.

შპს „თელეთის“ ყველი ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ანა მიქაძის თქმით, მოთხოვნა ძალიან დიდია, როგორც ქართულ ისე უცხოურ ბაზარზეც. თუმცა რძე ქვეყანაში საკმაოდ მწირი რაოდენობით იწარმოება. ამიტომ, წარმადობის გაზრდამდე, ექსპორტზე გასვლა არ იგეგმება.

„ჩვენი სარელიზაციო სეგმენტი მკაცრად განსაზღვრულია. პროდუქტი, მისი ფასიდან გამომდინარე, გადახდისუნარიან სასტუმროებსა და რესტორნებს მიეწოდება. ვმუშაობთ ისეთ სეგმენტზე, რომელთაც სურთ განსხვავებულის დაგემოვნება.

როგორც ანა მიქაძე აღნიშნავს, ქართული ყველით რუსეთი, აზებაიჯანი, უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ინტერესდებიან. ასევე მოთხოვნა დიდია ამერიკაში მდებარე ქართული რესტორების მხრიდანაც. ამ კუთხით მუშაობა კი შპს „თელეთის“ სამომავლო გეგმებშია.

რაც შეეხება ფასებს, შპს “თელეთის” მიერ წარმოებული ყველის ღირებულება 20 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს.bpn

„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროექტში ჩავერთეთ. აგროკომპლექსი, რომელიც თელეთში უნდა განვითარედეს, საკმაოდ დიდ დანახარჯს მოითხოვს. სტარტაპ სესხით სარგებლობა თავიდანვე გათვლილი გვქონდა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ბანკისგან ძალიან საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ, ჩვენთვის მოსახერხებელი და კარგი პირობებით.“-აღნიშნა ანა მიქაძემ.

შპს „თელეთში“ ამ ეტაპზე ოცამდე ადამიანია დასაქმებული. მათი უმრავლესობა ადგილობრივია, თუმცა წარმადობის გაზრდასთან და აგროპროექტის საბოლოო სახის ჩამოყალიბებასთან ერთან, ადგილზე კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.

ქრისტინე გამთენაძე