2017 წლის ბიუჯეტში აქციზის გადასახადისგან მიღებული შემოსავალი დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 192 მილიონი ლარით შემცირდა.ამის შესახებ, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული. პროექტის თანახმად, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი - 1 მილიარდ 435 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
როგორც ცვლილებათა პროექტშია აღნიშნული, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება გამოწვეულია: თამბაქოს აქციზის შემთხვევაში, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული თამბაქოს პროდუქციის მარაგების (ძირითადად იმპორტირებული) მნიშვნელოვნად შემცირებით.
„2016 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალოდ თამბაქოს პროდუქციის 2 თვის მარაგი არსებობდა მუდმივად. 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მარაგები განახევრდა და საშუალოდ საქართველოში თამბაქოს პროდუქციის 1 თვის მარაგია (30 მლნ კოლოფი). იმის გათვალისწინებით რომ აღნიშნულ მარაგებზე კომპანიების მიერ აქციზის გადასახადი გადახდილია გასულ წლებში, მარაგების შემცირება ერთჯერადად აისახა აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში შემოსულ თანხებზე; აქციზის განაკვეთების ცვლილების შედეგად, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება საქართველოში. 2016 წლის 5 იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, რაც არის მოხმარების 15.5%-იანი შემცირება. იმის გამო რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს შემცირდება საპროგნოზო მაჩვენებლზე (8%) მეტად, (საპროგნოზო შემცირება - 0.7 მილიარდი ღერი, ხოლო ფაქტიური შემცირება - 1.3 მილიარდი ღერი) ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები ჩამორჩება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს,“-აღნიშნულია პროექტში.
ავტომობილების აქციზის შემთხვევაში, საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტირებული ავტომობილების ასაკი (9 წლამდე ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში გაიზარდა 29%-იდან 76%-მდე).
„ავტომობილების ასაკის შემცირება აისახა საბიუჯეტო შემოსავლის ნაწილზეც, ვინაიდან შედარებით ახალი ავტომობილები იბეგრებიან უფრო დაბალი აქციზის განაკვეთით. მნიშვნელოვნად გაზრდილია ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების იმპორტი, რაც ასევე შემცირებული განაკვეთით იბეგრება: ჰიბრიდი - სტანდარტულ განაკვეთზე 60%-ით დაბალი განაკვეთით იბეგრება, ხოლო ელექტრო - სრულად განთავისუფლებულია გადასახადებისაგან (ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში გაიზარდა 7%- იდან 42%-მდე); ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მსუბუქი ავტომობილების იმპორტთან მიმართებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუწესდათ დამატებითი შეღავათები. კერძოდ: ავტომობილები რომლებიც გამოგზავნილი იყო საქართველოში 2017 წლის 1 იანვრამდე და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა, მათთვის აქციზის გადასახადის განაკვეთები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული ავტომობილებზე აქციზი გადახდილი იქნა ძველი (შემცირებული) განაკვეთებით,“-ნათქვამია ცვლილებებათა პროექტში.