მერაბ კაკულია: მიწის ფლობაზე დაწესებული დროებითი მორატორიუმი ასოცირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის ფლობაზე დაწესებული დროებითი მორატორიუმი ასოცირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ ეკონომისტმა მერაბ კაკულიამ განაცხადა.

კაკულიას თქმით, 2013 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, რომელთა თანახმად, დროებით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, მათ შორის მემკვიდრეობით მიღებულზე.

როგორც მერაბ კაკულია ამბობს, ასოცირების შეთანხმების დანართში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების რეზიდენტების მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმოებს უფლება აქვთ, ფლობდნენ და განკარგავდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს. შესაბამისად, არის გარკვეული წინააღმდეგობა, კოლიზია.

”მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა მოქმედებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო DCFTA ძალაში შეიძლება შევიდეს შეთანხმების ხელმოწერისთანავე, ზაფხულში. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს და შეზღუდვა მოიხსნას ამ ნაწილში მაინც, ვინაიდან თუ ჩვენ დავთანხმდით ევროკავშირს, რომ მათ რეზიდენტებს შეუძლიათ ერთობლივი საწარმოების საშუალებით ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს საქართველოში, ეს ჩვენს კანონმდებლობაშიც უნდა იყოს ასახული", - განაცხადა მერაბ კაკულიამ.

თუმცა, მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ერთობლივი საწარმოს დეფინიციას არ იცნობს და ეს განმარტება აუცილებელია.

მერაბ კაკულია 2013 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესახებ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშის თანაავტორია.