2017 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 435.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2017 წელს დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 192 მლნ ლარით ნაკლებია.

“შემცირება გამოწვეულია შემდეგი მიზეზით: თამბაქოს აქციზი - 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული თამბაქოს პროდუქციის მარაგები (ძირითადად იმპორტირებული) მნიშვნელოვნად შემცირდა. 2016 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალოდ თამბაქოს პროდუქციის 2 თვის მარაგი არსებობდა მუდმივად. 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მარაგები განახევრდა და საშუალოდ საქართველოში თამბაქოს პროდუქციის 1 თვის მარაგია (30 მლნ კოლოფი). იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მარაგებზე კომპანიების მიერ აქციზის გადასახადი გადახდილია გასულ წლებში, მარაგების შემცირება ერთჯერადად აისახა აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში შემოსულ თანხებზე. აქციზის განაკვეთების ცვლილების შედეგად, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება საქართველოში. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, რაც არის მოხმარების 15.5%-იანი შემცირება. იმის გამო, რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს შემცირდება საპროგნოზო მაჩვენებლზე (8%) მეტად, (საპროგნოზო შემცირება - 0.7 მილიარდი ღერი, ხოლო ფაქტიური შემცირება - 1.3 მილიარდი ღერი), ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს ჩამორჩება“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

აქციზის შემცირების კიდევ ერთ მიზეზად მთავრობა ავტომობილების აქციზს ასახელებს. “საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტირებული ავტომობილების ასაკი (9 წლამდე ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში 29%-იდან 76%-მდე) გაიზარდა, რაც აისახა საბიუჯეტო შემოსავლის ნაწილზეც, ვინაიდან შედარებით ახალი ავტომობილები იბეგრება უფრო დაბალი აქციზის განაკვეთით. მნიშვნელოვნად გაზრდილია ჰიბრიდულ და ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტი, რაც ასევე შემცირებული განაკვეთით იბეგრება: ჰიბრიდი - სტანდარტულ განაკვეთზე 60%-ით დაბალი განაკვეთით იბეგრება, ხოლო ელექტრო - სრულად გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. ჰიბრიდულ და ელექტროძრავიანი ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში 7%-დან 42%-მდე გაიზარდა. ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მსუბუქი ავტომობილების იმპორტთან მიმართებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუწესდათ დამატებითი შეღავათები. კერძოდ, ავტომობილები, რომლებიც გამოგზავნილი იყო საქართველოში 2017 წლის 1-ელ იანვრამდე და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა, მათთვის აქციზის გადასახადის განაკვეთები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზი გადახდილიია ძველი (შემცირებული) განაკვეთებით“, - განმარტავს მთავრობა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეს იწყებს.