4.4 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საპატრიარქოს გადაეცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 4.4 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სსიპ - საქართველოს საპატრიარქოს სარგებლობაში გადაეცა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა, საკითხის დამტკიცებამდე საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა.

"მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ საფუძველი ჩავუყარეთ გურული ენდემური ვაზის ჯიშების გაშენებას. ამისთვის სპეციალური ნაკვეთი გამოიყო, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა. დღეის მდგომარეობით და საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტს აღარ გააჩნია იმ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების არსებობის უფლება, რომლებიც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას არ განეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვმართა წერილით საპატრიარქომ და ითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემა იგივე პროფილის შენარჩუნებით, რაც ჩვენ გაგვაჩნდა. ასე რომ, ამ განკარგულების მიღებით, კიდევ უფრო განვითარდება ის დაწყებული საქმე, რასაც უნიკალური გურული ვაზის ჯიშების შენარჩუნება და აღდგენა ჰქვია", - აღნიშნა არჩილ ყაზაიშვილმა.

საკრებულოს სხდომას ასევე ესწრებოდა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. მიტროპოლიტმა იოსებმა თქვა, რომ ის წლებია გურული ვაზის ჯიშებს უვლის და ახლაც გააგრძელებს ამ საქმიანობას. მისივე თქმით, ახალგაზრდებს შეასწავლიან ვაზის ჯიშების მყნობას და უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ვაზის გაშენებას.