საქართველოს ბაზარზე საიუველირო სამკაულების სახით, ყოველწლიურად 2 ტონაზე მეტი ოქრო იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას, „ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით საქმიანობაში მონაწილე პირთა უფლებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის საზოგადოება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ სახის პროდუქციაზე მოთხოვნა აქვთ ბაზრობებს (ე.წ. “ბირჟებს”) მომქმედ ვაჭრებს (ე.წ. “დილერებს”), ოქრომჭედლებს და საიუველირო მაღაზიებს.
„საინტერესოა ეს მეწარმე სუბიექტები (ვაჭრები,ოქრომჭედლები და მაღაზიები) თავიანთი სავაჭრო დახლების შესავსებად საიდან იძენენ ოქროს მასალებს? საქართველოში არ ფუნქციონირებს ოქროს რაფინირების (აფინაჟის) და გადამამუშავებელი საწარმოები, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ოქროს სამკაულების საწარმოებლად სათანადო მასალების (ლეგირებული სტანდარტული შენადნობები, პროფილები და ა.შ.) შეძენა. თუმცა არსებობს რამდენიმე ლეგალური არხი, საიდანაც ეს პროცესი მიმდინარეობს. ესაა მოსახლეობისგან შესყიდვა, როდესაც მოქალაქე ყიდის სამკაულს, ან ოქროს ჯართს; ლომბარდები, რომელთაც სარეალიზაციოდ გამოაქვთ, ლომბარდში ჩარჩენილი ოქრო; იმპორტირებული ოქრო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით რეალიზებული, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული ოქროს პროდუქცია.
ანალიზმა ცხადყო, რომ მითითებული წყაროებიდან ბაზარს ყოველწლიურად მაქსიმუმ 500 კილოგრამამდე ოქრო მიეწოდება. მოსახლეობიდან შესყიდვის გზით 150-200კგ; ლომბარდებიდან - 300-400კგ; იმპორტიდან - 30-50კგ; მომსახურების სააგენტოდან - 7-10კგ. როგორც აღვნიშნეთ ყოველწლიურად ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ნაკეთობების სახით 2 ტონაზე მეტი ოქროს რეალიზება ხდება. შესაბამისად, მიწოდებასა და მოთხოვნას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსია - დაახლოებით 1,5 ტონა, რაც დღევანდელი საბაზრო ღირებულებით 160 მილიონ ლარს აჭარბებს.
ყოველივე აღნიშნული იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოში ოქრო არალეგალურად შემოდის, ფარულად მოიპოვება და იწარმოება, ან ორივე ერთად,“-ნათქვამია საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.