ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple საკუთარ რეკორდს ამარცხებს და ახალ მწვერვალებს იპყრობს.
მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბირჟებზე გამართული ვაჭრობის შედეგად, მისი აქციების საცალო ფასი 176,24 დოლარამდე გაიზარდა და საერთო ჯამში ბრენდის ღირებულებამ 904 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით მან ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში საკუთარი ლიდერი პოზიცია გაიმყარა და მეორე ადგილზე მყოფ „გუგლთან“ სხვაობა გაზარდა. გუგლის მფლობელი კომპანიის Alphabet-ის საბაზრო ღირებულება 728 მილიარდი დოლარია.
ანალიტიკოსების განცხადებით, Apple-ის ღირებულების ზრდა მისმა ბოლო რამდენიმეთვიანმა წარმატებამ განაპირობა. კომპანიის საბაზრო ღირებულება 2017 წელს 52,6%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავლები რეკორდულ მაჩვენებელს უმიზნებს - კომპანია დღესასწაულების დასრულების შემდეგ 84 მილიარდიან კვარტალურ შემოსავალს ელოდება.
როგორც ჩანს, მიუხედავად სიძვირისა, კომპანიის ბოლო პროდუქტი iPhone X ნამდვილი გაყიდვების ჰიტია და კომპანიის შემოსავლების უდიდესი წილი სწორედ მასზე მოდის.
კოკა კვირკველია