ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, შენობის რამდენიმე სართული დამწვარია, გადმონგრეულია ფასადები.
ამ დროისათვის, გამზირზე სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, ასევე ადგილზე შეყვანილია სპეცტექნიკა. მიმდებარე ტერიტორია კვლავ გადაკეტილია, თუმცა, სროლის ხმა აღარ ისმის.
ამასთან, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზე გაჩენილი ცეცხლი უკვე ჩამქრალია. თუმცა, სახანძრო ბრიგადები კვლავ ადგილზე რჩებიან, ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც.
გამზირზე არსებული კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მოქალაქეები კორპუსიდან სამართალდამცველების მეთვალყურეობით გამოდიან. სამართალდამცველები ასევე მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლასა და ფანჯრებიდან გახედვას.
დადასტურებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, არაოფიციალურად ვრცელდება ცნობა კიდევ ორი პირის დაჭრის შესახებ.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას ცდილობენ. სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ყვება, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ტარდება, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბინაში მიმდინარეობს სროლა. კიდევ ერთი ვერსიით, პირები, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, პანკისის ხეობიდან არიან, თუმცა ოფიციალურ დონეზე არცერთი ამ ინფორმაციის დაზუსტება ხდება.
იხილეთ ფოტოები