ისნის რაიონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულია 8 ბინა.
კერძოდ, ერთ სადარბაზოში პირველ სამ სართულზე განთავსებული ბინები და მეორე სადარბაზოში ერთი ბინა.
მისივე თქმით, სანამ აღნიშნულ ბინებში შესაბამისი პროცედურები არ ჩატარდება და არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება ოჯახების შეშვებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია მათ ქირით გაყვანას უზრუნველყოფს.
"სრულფასოვნად ვერ გავეცანით მდგომარეობას, რადგან კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ლაბორატორიის ექსპერტები. სიტუაციას ართულებს ის, რომ კორპუსს ისედაც ჰქონდა ავარიული სტატუსი და რამდენიმე აფეთქების შედეგად, ჯერ ხალხს ვერ შევასახლებთ იქამდე, სანამ არ ჩავუტარებთ სრულფასოვან ექსპერტიზას. ექსპერტიზის სრული ანალიზი მოხდება მას შემდეგ, რაც კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას და მოხდება მისი დასუფთავება.
დავათვალიერეთ სადარბაზო. მეოთხე სართულზე და ზემოთ არ არის პრობლემა ხალხის დაბრუნების, უბრალოდ ამის ნება უნდა დაგვრთონ კრიმინალისტებმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა. 8 ბინაა, სადაც ხანძარი იყო. გუშინ სამი ოჯახი მივიღეთ. სხვებსაც თუ სურვილი ექნებათ, გადავიყვანთ სასტუმროში და შემდეგ ყველას გავიყვანთ ქირით. სხვა სადარბაზოებში მცხოვრებლებს სავარაუდოდ სახლების დატოვება არ მოუწევთ. დაზიანებულია ერთი სადარბაზოს სამი სართული და მეორე სადარბოზს ერთი ბინა",- განაცხადა ლაბუჩიძემ.