„კომპანიამ ძალიან რთული, ეკლიანი გზა გაიარა“ - ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჰერბიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა.
კომპანია, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია საქართველოში. უფრო დეტალურად „ჰერბიას“ ისტორიაზე, გამოწვევებსა და გეგმებზე „ბიზნესპრესნიუსი“ ზურაბ ჯანელიძეს ესაუბრა.
როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა?
2005-2006 წლებში რუსეთის ემბარგოს შედეგად 5 ათასზე მეტი ფერმერი, რომელიც პირველადი წარმოებით იყო დაკავებული და პროდუქცია პოსტსაბჭოურ ბაზარზე გაჰქონდა, სეზონის დასაწყისში, კერძოდ, სექტემბერ-ოქტომბერში გასაღების ბაზრის გარეშე დარჩა. რამაც ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების საჭიროება გააჩინა. ორიენტირი რა თქმა უნდა ევროპულ ბაზარზე გვქონდა. ჩავატარეთ კვლევები, ვმონაწილეობდით სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში და შედეგად დავინახეთ, რომ ევროპაში ქართულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა. ყოველივე ამის შემდეგ კი პროდუქციის მოპოვება, დაფასოება და საექსპორტოდ მომზადება დავიწყეთ.
რა სირთულეები შეხვდა კომპანიას
კომპანიამ ძალიან რთული, ეკლიანი გზა გაიარა. სირთულეების გადალახვა და ყველაფრის გაკეთება ჩვენი ძალისხმევით მოხდა. თუმცა, დაუღალავი შრომის, მიზანდასახულობისა და კარგი მენეჯმენტის დამსახურებით აქამდე მოვედით. რაც შეეხება სირთულეებს, მათ საქმიანობის დასაწყისშივე გადავაწყდით. როგორც აღმოჩნდა ევროპულ ბაზარზე გასვლისას აუცილებელი იყო Global Gap-ის სტანდარტი, რაც იმ დროს საქართველოში არცერთ კომპანიაში არ იყო დანერგილი. შესაბამისად, იძულებული გავხდით კვლავ პოსტსაბჭოურ ბაზარს დავბრუნებოდით და იქ გაგვეტანა პროდუქცია ექსპორტზე. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების და სტანდარტების დანერგვა და 2011 წლის მარტში Global Gap-ის სერთიფიკატიც მივიღეთ. შედეგად კი, სერტიფიცირებული პროდუქციის ევროპაში გატანა მოვახერხეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო სკანდინავიის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ა.შ. თუმცა, გარკვეულ სირთულეები აქაც შეგხვდა. კერძოდ, აღნიშნული დიდი ბაზრების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უფრო დიდი წარმოება იყო საჭირო, რაც იმ ეტაპზე არ გვქონდა.
დღეს რომელ ქვეყნებშია „ჰერბია“ წარმოდგენილი და თუ გეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას?
ამ ეტაპზე, ევროპულ ბაზარზე „ჰერბიას“ პროდუქცია მხოლოდ ბულგარეთში გაგვაქვს, სადაც ჩვენი ნიშა უკვე დავიჭირეთ. გარდა ბულგარეთისა, ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზეც. თითქმის დასრულებულია სამუშაოები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან და ვფიქრობთ, მალე ამ ქვეყნებშიც გავიტანთ პროდუქციას. ამასთან, შეიძლება ითქვას რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორი 50 ფერმერის წრმოებული პროდუქცია ქართულ ბაზარზეც დამკვიდრდა. სადაც ამ დროისთვის 500 ათასამდე მომხმარებელი გვყავს.
რა პროდუქციას სთავაზობს „ჰერბია“ მომხმარებელს
გარდა იმისა, რომ ჩვენს კომპანიას წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული საკუთარი სათბურები აქვს, 50-ზე მეტი დაინტერესებული პარტნიორი ფერმერიც გვყავს, რომელთა მიერ წამოებული პროდუქციაც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მომხმარებელს, ჯამში დაახლოებით, 14 დასახელების, როგორც ტრადიციულ ისე არატრადიციული სახეობის პროდუქციას ვთავაზობთ. მათ შორის: იტალიური ოხრახუში, მწვანე რეჰანი, სალათის მიქსი, პიტნა, კიტრი, პომიდორი, რუკოლა, კარტოფილი და ა.შ.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
გარდა იმისა, რომ ვფიქრობთ პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანას, ვმუშაობთ საკუთარი პროდუქციის მოცულობის გაზრდაზე. ამასთან, ვაპირებთ ცენტრის აშენებას, სადაც ჩვენს პარტნიორ ფერმერებს უფასო სწავლება ჩაუტარდებათ. თუმცა, ცენტრი მსგავსი პროდუქციის წარმოებით დაინტერესებულ სხვა ფერმერებსაც მოემსახურება.
რამდენად კონკურენტულია ადგილობრივი ბაზარი და რა არის „ჰერბიას“ მთავარი უპირატესობა
კონკურენცია იზრდება და ეს აუცილებელიცაა ბიზნესის განვითარებისთვის. უპირატესობას რაც შეეხება, ვფიქრობ, Global Gap-ის სტანდარტის არსებობა უკვე ყველაფერს ამბობს.
ბიზნესი ხშირად საუბრობს კადრების არაპროფესიონალიზმზე... თქვენ რამდენდ გადააწყდით ამ პრობლემას?
ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ზუსტად ამ პრობლემიდან გამომდინარე მოგვიწია და იძულებული ვიყავით თავად გავმხდარიყავით აგრონომები თუ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები.
რა სირთულეებია დღეს ბაზარზე
ვფიქრობ, იმისათვის რომ ადგილობრივმა პროდუქციამ იმპორტირებული საქონელი ჩაანაცვლოს, გარკვეული წახალისებაა საჭირო. მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს სათბურებში ქართული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების ენერგომატარებლების (გაზი, წყალი, დენი) რაღაც პროცენტით სუბსიდირება. რაც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასს კონკურენტუნარიანს გახდის, ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის იმპორტირებული პროდუქცია ჩავანაცვლოთ.
„ჰერბია“ თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ერთ-ერთი ფინალისტია. რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა
მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას ცნობადობის გაზრდაში ეხმარება. გვინდა ჩვენმა მომხმარებელმა იცოდეს რა კომპანიასთან აქვს საქმე, რა პროდუქციას იღებს, სად არის წარმოებული ეს პროდუქცია და ა.შ. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ მონაწილეობა აუცილებელია, რათა იმპორტირებულ თუ სხვა პროდუქციასთან შედარებით სისტემატიურად კონკურენტუნარიანი ვიყოთ.