საქართველო „შავი პარასკევისთვის“ ემზადება - რა ფასდაკლებები იქნება თბილისის მაღაზიებში

„შავი პარასკევი“, რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში ხვალ დილის 10 საათიდან დაიწყება.

თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრები ამ დღისთვის უკვე ემზადებიან.

როგორც „თბილისი მოლისა“ და „ისთ ფოინთის“ ვებგვერდებზეა აღნიშნული, „შავ პარასკევს“ მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 30%-იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

რაც შეეხება თბილისში რამდენიმე დღის წინ გახსნილ H&M-ს, მაღაზიაში დღეს არ აკონკრეტებენ იქნება თუ არა ფასდაკლებები „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით, თუმცა, შვედეთში მაღაზიას 50%-მდე, აშშ-ში კი 30%-მდე ფასდაკლება აქვს.

რაც შეეხება ფასდაკლებებს "ისთ ფოინთში", სხვადასხვა მაღაზიებში ძირითადად 10%-15%-20%-30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაგალითად, Adidas, Aldo, Charles & Keith, GIORDANO, Nike, New Balance, Straparious, Mango და ა.შ. 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს Koton და Zara. თუმცა, არის 70%-იანი ფასდაკლებაც Blanco-სა და Carrefour-ში.

„თბილისი-მოლის“ „ფეისბუქ“ გვერდზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფასდაკლებები არ არის ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა „ბერშკა“, „ზარა“, „მასიმო დუტი“, „სტრადივარიუსი“ და ა.შ. თუმცა, სხვა ქვეყნებში ამ ბრენდებსაც აქვთ ფასდაკლება გამოცხადებული. მაგალითად, როგორც „ბერშკას“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ფეხსაცმელებისა და ტანსაცმლის შეძენა 30%-50%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

„შავ პარასკევთან“ დაკავშირებით, „თბილისი მოლის“ მაღაზიებში ძირითადად 30%იანი ფასდაკლებები იმოქმედებს. მაგალითად, MARKS&SPENCER, „ბიბლუსი”, ZIPPY, charles&keith, CLARKS და ა.შ. 40 და 50%-იანი ფასდაკლება ექნება "სალამანდერს" ფეხსაცმლისა და ჩანთების სრულ კოლექციაზე, „კენარი“ კი მომხმარებელს 20%-60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრის „ფეისბუქ“ გვერდზე ფასდაკლებები სხვადასხვა მაღაზიებში ეტაპობრივად ემატება. ამასთან, ცენტრის ცნობით, 24 ნოემბერს „თბილისი მოლიც“ და მოლიდან ქალაქის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტიც ღამის 12 საათამდე იმუშავებს.

ზოგიერთი მაღაზია „შავ პარასკევს“ სხვადასხვა სახის აქციებსაც სთავაზობს მომხმარებელს. მაგალითად, Flormar-ში ორი ნივთის შეძენის შემთხვევაში მესამეს უფასოდ მიიღებთ.

„შავი პარასკევი“ - მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.