ფედრეზერვის ბოლო შეხვედრის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, დოლარმა პოზიციები დათმო.
ამერიკული ვალუტის ინდექსი ბოლო ორი თვის მინიმუმამდე შემცირდა. მართალია, ჩანაწერებში ნათქვამია, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი უახლოეს მომავალში უნდა გაიზარდოს, მაგრამ იქვე ფედრეზერვის წევრთა უმეტესობა, ინფლაციის ზრდის დაბალ ტემპთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
ჩანაწერებში ფედრეზერვის რამდენიმე წევრს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ დოლარზე განაკვეთის შემდგომი ზრდა, მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ინფლაციის ზრდის ტემპთან. მათ არ აკმაყოფილებთ ინფლაციის ზრდის ახლანდელი ტემპი, რაც ეკონომიკის განვითარების არასტაბილურობაზე მიუთითებს. ცნობისათვის, ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული, ინფლაციის სასურველი დონე 2 პროცენტის ფარგლებშია.
ფედრეზერვის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, დოლარის ინდექსი 0.80 პროცენტით 93.14-მდე შემცირდა. შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა რისკისგან თავშესაფარ აქტივებზე, როგორებიცაა ოქრო, იენი და შვეიცარიული ფრანკი.