უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენებისთვის მილიონ-ნახევარი ლარი გამოიყო

მიმდინარე წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც მილიონ-ნახევარი ლარით უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯები დაფინანსდება , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში მატებაა 5 მილიონი ლარით. ეს გამოწვეულია ორი მიზეზით - ერთია ის დანაკლისი, რომელიც წელს აქვს სამინისტროს, რაც გამოწვეულია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებით. მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევრიდან სამინისტრომ დაიწყო უცხო ქვეყანაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯების დაფინანსება. წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა დაახლოებით, 1 მილიონი ლარი ამ მიმართულებით, თუმცა ფაქტობრივი დანახარჯები ამ მდგომარებით 2,5 მლნ ლარზე მეტია, შესაბამისად, ხარჯების დაფინანსებამ სამინისტროს ბიუჯეტში გარკვეული დანაკლისი წარმოქმნა და შესაბამისად, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარია საჭირო, რათა წლევანდელი დაგეგმილი ხარჯები მთლიანად შეასრულონ, ხოლო დანარჩენი თანხა მიემართება სხვადასხვა ქვეყანაში შენობის იჯარის ღირებულების ანაზღურებისთვის, ვინაიდან რამდენიმე ქვეყანაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს შენობის მფლობელ კომპანიებთან, რომ თუ ჩვენ წინმსწრებად გადავიხდით თანხას, შესაძლებელი იქნება გარკვეული ფასდაკლება მოხდეს და ასეთ შემთხვევაში იჯარის ნაკლები თანხის გადახდა მოგვიწევს. ასე ხდება წლების განმავლობაში. რამდენიმე ქვეყანაში წინა წელს ხდება ხოლმე იჯარის თანხის ანაზღაურება და წელსაც დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარი მიემართება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 305.0 მლნ ლარით იზრდება და 11 720.5 მლნ ლარით განისაზღვრება.