2017 წელს შსს-ს შრომის ანაზღაურების ფონდი 4 მილიონი ლარით იზრდება, რითაც მოხდება იმ თანხის კომპენსირება, რომელითაც ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირების წახალისება მოხდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ემატება 4 მილიონი ლარი. ეს არის რეალურად ხელფასებში არსებული დანაკლისი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბორჯომში ხანძრების პერიოდში მოხდა მატერიალური წახალისება იმ პირებისა, რომლებიც ჩათულები იყვნენ ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში და 4 მილიონი ლარი გასცეს არსებული რესურსიდან. თუმცა, დანაკლისი არის დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომის ანაზღურების ფონდში და სწორედ ამ მიმართულებით ხდება თანხის დამატება“, - განაცხადა კაკაურიძემ.