ინტერენტით შოპინგი დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ონლაინ სივრცეში დღეს ფაქტობრივად ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, სათამაშოებიდან დაწყებული და საკვებით დამთავრებული.
ამ ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ ერთი უჩვეულო პროდუქტიც შეემატა - თვითმფრინავი Boeing 747 . ამის შესაძლებლობას იძლევა ჩინური ინტერნეტ ვებგვერდი Taobao, რომელმაც 2 თვითმფრინავი აუქციონით გაყიდა და გასაყიდი კიდევ ერთი დარჩა.
თავად ეს ვებგვერდი ჩინური ინტერნეტ გიგანტის Alibaba-ს კუთვნილებაა და მას კომპანიები გაკოტრების შემდეგ ინვენტარის გასაყიდად მიმართავენ. როგორც საიტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ორი თვითმფრინავი 320 მილიონ იუანად (48,3 მილიონ დოლარად) გაიყიდა, ხოლო მესამე იმის გამო ვერ გაყიდეს, რომ აუციონში მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირი იღებდა მონაწილეობას, რის გამოც აუქციონი ავტომატურად დაიხურა. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავები აწ უკვე გაკოტრებულ აეროგადამზიდავის, Jade Cargo International-ის კუთვნილება იყო, რომელმაც გაკოტრების შემდეგ მიმართა ვებგვერდს მათი გაყიდვის მიზნით.
ცნობისათვის, „ბოინგის“ ამ კონრეტული მოდელის წარმოება თავად ამერიკულმა ავიამწამროებელმა შეწყვიტა, მასზე დაბალი მოთხოვნის გამო. Boeing 747 ერთ დროს მსოფლიოს უდიდეს სამგზავრო აეროხომალდად მიიჩნეოდა. მისი სამგზავრო ვარიანტის წარმოება შეჩერებულია, თუმცა სატვირთო ხომალდებს კომპანია დღემდე აწარმოებს.
კოკა კვირკველია