ევროს ფასი ბოლო თვენახევრის მაქსიმუმს მიუახლოვდა

დღეს დილით ევრო დოლართან მიმართებით, ბოლო თვენახევრის მაქსიმუმს მიუახლოვდა.

ამის მთავარი მიზეზი არის ინვესტორთა რწმენა იმისა, რომ ევროზონის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ამის საბაბს მათ გასული კვირის სტატისტიკური მონაცემები აძლევს.

ორშაბათიდან მოყოლებული, ევროპული ვალუტა დოლართან წყვილში დაახლოებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და დიდი ალბათობით, ზრდას ზედიზედ მესამე კვირაშიც დააფიქსირებს. მსგავსი რამ ივლისის შემდეგ არ მომხდარა. არადა, გერმანიაში პოლიტიკური სიტუაციის გაურკვევლობის გამო, ევროსთვის ეს კვირა მკვეთრი კლებით დაიწყო.

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ გამოქვეყნებული, მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი შეხვედრის ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ ბანკის წევრებმა ერთსულოვნება გამოიჩინეს რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით. თუმცაღა, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი მოცულობა შემცირდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ QE-ს მომავალი წლის სექტემბრამდე გაგრძელების გარეშე, ევრო ახლა უფრო მყარი იქნებოდა. ამასთან, ისიც ადვილად სავარაუდოა, რომ გერმანიაში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომ გამწვავებას, ევროს მკვეთრი დასუსტება მოჰყვება. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, უახლოეს მომავალში ევროს ნებისმიერი ვარდნა დროებითი და შეზღუდული იქნება.

ლონდონის სავაჭრო სესიის დროს, ევრო დოლართან წყვილში 1.1875 დოლარამდე გაიზარდა. ეს კი ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დაფიქსირდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მომსახურების და წარმოების სფეროში, მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლების გამოქვეყნებაა, რაც გვიჩვენებს, რომ ევროზონის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება.

იმავდროულად, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან მიმართებაში, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, ბოლო ხუთი კვირის მინიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ამ კვირაში, მადლიერების დღის გამო, ამერიკაში არდადეგები იყო, რაც ოკეანის გაღმელი ინვესტორების შემცირებული აქტივობით გამოიხატა. ეროვნული დღესასწაული ჰქონდათ იაპონიაშიც.

დოლარზე უარყოფითად იმოქმედა ფედრეზერვის ჩანაწერების გამოქვეყნებამ, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ფედრეზერვის რამდენიმე წევრის აზრით, ინფლაციის ზრდის ტემპი სასურველზე მცირეა და ეს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე უნდა აისახოს.