მიწის საბაზრო ურთიერთობებში მოქცევის ეფექტი მაინც და მაინც მაღალი არ არის - ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არამოქალაქე პირებზე შეგვეზღუდა , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ მიიღებენ საგანგებო ორგანულ კანონს, რომლითაც გაიწერება ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები, როცა საქმე სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლებას შეეხება.
“ახალ რეგულაციას გარკვეული ნეგატიური ეფექტი ეკონომიკაზე შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ამ ნორმის დადგენისას სხვადასხვა ფაქტორი გავითვალისწინეთ. მაგალითად, ეს იყო ამ ნორმის შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე. ასევე გავითვალისწინეთ მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ფასი და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, დავადგინეთ, რომ მიწის საბაზრო ურთიერთობებში მოქცევის დღევანდელი ეფექტი მაინც და მაინც მაღალი არ არის. დიდი არ არის ეკონომიკასა და ინვესტიციებზე შესაბამისი მაჩვენებელი. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული დათქმით შეგვეზღუდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არამოქალაქეებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება იკრძალება.