გამოძიება უნდა იყოს ძალიან ობიექტური და ძალიან სწრაფი, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
„ამ დროისთვის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს 11 გარდაცვლილი. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გვყავს 19 ადამიანი, მაგრამ მათი მდგომარეობა დამაიმედებელია. ამ მომენტისთვის მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ თითოეული სართულის კონტროლს, რამეთუ არ მოხდეს არანაირი პატარა ეჭვიც კი, რომ იქ შესაძლებელია ადამიანები კიდევ იმყოფებოდნენ“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ერთი ასეთი კონტოლი უკვე ჩატარდა, მეორე შემოვლის შემდეგ კი საბოლოოდ დადგინდება, არის თუ არა ვინმე დარჩენილი შენობაში.
„პირველადი მოკვლევით ხანძრის კერა იყო მეოთხე სართულზე. სამწუხაროდ, დერეფნის ერთადერთი კიბის დაკვამლიანება მოხდა და ხალხი იყო ბლოკირებული მეშვიდე სარულზე. მადლობა მაშველებს, რომ შევძელით ადამაინების ჩამოყვანა მეშვიდე სართულიდან. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის პორტს, რომელიც ტექნიკით დაგვეხმარა. დღეის მდგომარეობიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადარჩენილია 100 ადამიანი. პროკურატურამ დაიწყო მუშაობა, საქმე გადაკვალიფიცირდა 243-ე მუხლით, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.