,,ეიპიემ ტერმინალსი“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოდერნიზაციას განაგრძობს

ქვეყნის ყველაზე დიდი პორტის გასაძლიერებლად და უკეთესი სერვისის მისაწოდებლად ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უფრო ძლიერი და მანევრირებადი სალოცმანო კატარღა შეიძინა , - ამის შესახებ ნავსადგურის ადმინისტრაციაში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ხელი მოაწერა შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2018 წლის თებერვალში პორტს ახალი სალოცმანო კატარღა შეემატება.

,,ნავსადგურის მიერ უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ჩვენს მიერ გაუმჯობესებული მომსახურების შესაქმნელად, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მენეჯმენტი მჭიდროდ თანამშრომლობდა ნავსადგურის კაპიტანთან, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროსთან. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესის წარმატებით წარმართვა ნავსადგურის კაპიტნის და შპს ,,ფოთი პაილოტის“ აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სალოცმანო კატარღის შესყიდვა, ფოთის პორტის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. სალოცმანო კატარღას, ჩვენი ახალი ASD ბუქსირის მსგავსად, შეუძლია უფრო ეფექტური მომსახურების გაწევა და ოპერირება მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში, მაშინაც კი, როცა ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფოთის საზღვაო ნავსადგურს მნიშვნელოვანი და სტრატეგიური ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და კავკასიის დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. „ნავსადგურის ახალი წესები, ახალი სალოცმანო კატარღა და განახლებული საბუქსირე მომსახურება - ყველაფერი ეს ერთად, ძალიან მაღალ პროდუქტიულობას და გაუმჯობესებულ მომსახურეობას შესთავაზებს ჩვენს მომხმარებელს“, - აღნიშნა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.

გასულ კვირას ნავსადგურში მაერსკის (Maersk Transport & Logistics-ის) შვილობილი კომპანიის, სვიცერის (Svitzer-ის) ახალი ASD ბუქსირი SIMSON-ი ჩამოვიდა, მეორე ბუქსირი PORTGARTH-ი კი პორტს 2018 წლის პირველ კვარტალში დაემატება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცუდი ამინდის პირობებში მუშაობას და შემოსასვლელ არხში ნავიგაციას.