ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მოქალაქეებს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევათ

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე 6 მოქალაქის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.

საუბარია, გოგიტა ბერიძის საკუთრებაში არსებული 53 კვადრატული მეტრი ფართობისა და ილია პარასკევოპულოს, ირინა პარასკევოპულოს, მარია პარასკევოპულოს, მილია პარასკევოპულოს, ქრისტინა პარასკევოპულოს თანასაკუთრებაში არსებული 2 502 კვ. მეტრის ფართსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებზე.

როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, მესაკუთრეებთან მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა.

ბრძანების მიხედვით, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში სსიპ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

ექსპროპრიაციის შემთხვევაში მესაკუთრეები საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებენ.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი მახინჯაურიდან – მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთს ითვალისწინებს. გზის მთლიანი მონაკვეთი 14.3 კმ-ს, ხოლო სიგანე 14 მეტრს შეადგენს. ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც ბათუმს აღმოსავლეთიდან უვლის, მთელ სიგრძეზე ხელვაჩაურის რაიონში გადის.