ვლადიმერ პუტინი: რუსეთის მთავრობამ უკვე შემომთავაზა დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა

თუ დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში სანქციების პოლიტიკას გააგრძელებს, რუსეთის ხელისუფლება იძულებული იქნება დაფიქრდეს, უცხოური კომპანიებიდან ვინ და როგორ მუშაობს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთის მთავრობამ უკვე შესთავაზა დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა, თუმცა მისი აზრით, ეს ჯერ ნაადრევია.

"რუსეთის მთავრობამ უკვე შემომთავაზა რაიმე სახის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის აუცილებლობა არ არის. თუმცა, თუ მსგავსი ქმედებები დასავლეთის მხრიდან კვლავ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, უცხოური კომპანიებიდან ვინ და როგორ მუშაობს რუსეთში, რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს მაინცდამაინც არ აქვს საპასუხო ნაბიჯებისა და ზომების მიღების სურვილი და იმედი გამოთქვა, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

28-29 აპრილს აშშ-მა, ევროკავშირმა, იაპონიამ და კანადამ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესეს.