ნიდერლანდებში დაარსებულ კომპანიას European Financial Group B.V.-ს (EFG), რომელიც „ლიბერთი ბანკის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (74.64%) მფლობელია, დარჩენილი 25.36%-ის შეძენაც სურს.
ბანკის დარჩენილი აქციების (1,130,337,978 ჩვეულებრივი აქცია) გამოსყიდვის მიზნით EFG-მ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოაცხადა.
ამასთან, EFG-ს ბანკის მიერ ემიტირებული 10,000,000 პრივილეგირებული აქციიდან 6,139,064 ცალი პრივილეგირებული აქციის გამოსყიდვაც სურს.
„ლიბერთი ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების გამოსასყიდი ფასი ერთ ცალ ჩვეულებრივ აქციაზე 0.03723611724 ლარს; კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების გამოსასყიდი ფასი კი ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე 1,22272172210 ლარს შეადგენს.
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
„მყიდველი შეისყიდის იმ აქციათა რაოდენობას, რომელზეც აქციონერები გამოხატავენ თანხმობას. ამასთან, წინამდებარე თარიღისთვის „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების დარჩენილი 25.36%-ის, ანუ 1,130,337,978 ჩვეულებრივი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში მყიდველი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას,“-აღნიშნულია სატენდერო შეთავაზებაში.