რუსეთთან ინფორმაციული ომის წარმოებისთვის ევროკავშირი ყოველწლიურად 1,1 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გაზეთი The Guardian საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის“ დაფინანსება უკვე შეტანილია ევროკავშირის 2018-2020 წლების ბიუჯეტში. ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „კიბერშეტევების, დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის“ სახით ევროპას რეალური პრობლემები შეექმნა.
„სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის“ მიზნობრივი აუდიტორია, პირველ რიგში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი ქვეყნები - აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა გახდებიან.