საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანზე აქვს.სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განუცხადა.
მისივე თქმით, საკრედიტო ბიუროში, რომელიც კერძო ბიუროა, დაფიქსირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ვადაგადაცილებული დავალიანება გააჩნიათ.
“საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემები არის ინდიკატორი, თუ რამდენ ადამიანს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება. სამწუხაროდ, დიდი ციფრია, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტია ამ სიაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რაოდენობის შემცირების ტენდენცია მოხდეს”, - განაცხადა მურთაზ კიკორიამ.
კითხვაზე, თუ რა მოცულობას შეადგენს ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხი, კიკორიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას ათი მილიარდი ლარის სესხი აქვს აღებული.
“ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს, მათი შემოსავლები საკმარისი იყოს იმისთვის, რომ სესხის მომსახურება შეძლონ. ამ მექანიზმების შექმნაზეა სწორედ საუბარი. თუ მათ შემოსავლები არ აძლევთ საშუალებას, მოემსახურონ ვალებს, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას”, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პარლამენტში მათ შეტანილი აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სესხის გაცემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს.