მთავრობა ლარს შეგნებულად აუფასურებს?!

”ეს ხდება იმიტომ, რომ საგარეო სესხი მაღალ კურსზე გადაახურდაონ და ბიუჯეტის შევსება შეძლონ”.

ლარის კურსი ისევ გაუფასურების ნეგატიურ გზას დაადგა. ეროვნული ბანკის კურსით, 1 დოლარი 1.7711 ლარი ღირს. ქართული ვალუტა მკვეთრად დაეცა ევროსთან მიმართებაშიც, 1 ევროს ღირებულება 2,4505 ლარია. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, მთავრობის დაპირება ფუჭი აღმოჩნდა - ლარმა თავი ვერც ახალი წონასწორული კურსის ნიშნულზე შეიმაგრა.

ეროვნული ვალუტა დაცემას განაგრძობს და ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის პროგნოზი არ გამართლდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,73-1,74 ლარის ფარგლებში იყო, ქადაგიძემ საზოგადოებას აუწყა, რომ ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოიწურა.

”კურსის მოკლევადიანი პროგნოზი უმადური საქმეა. ეს შეუძლებელიც კი არის, ვინაიდან ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, მასზე გავლენას ახდენს მოლოდინიც. რაც შეეხება საშუალოვადიან პროგნოზს, წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოწურულია ან ძალიან ახლოს არის ამოწურვასთან.

ვინაიდან მიმდინარე ანგარიშის ფუნდამენტური დისბალანსის პრობლემა არ გვაქვს, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსზე იქნება გამყარების ზეწოლა”, -განაცხადა მაშინ ქადაგიძემ და დასძინა, რომ მოკლევადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი იქნებოდა. ”ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი იმერყევებს როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით. ეს მცირე ამპლიტუდის ტენდენცია იქნება”, - აღნიშნა ქადაგიძემ.

გამყარების რა მოგახსენოთ, მაგრამ გაუფასურების კუთხით ლარი ძალიან მერყეობს. მარტში რამდენიმე დღე 1 დოლარი 1,73 ლარიც კი ღირდა, თუმცა კურსი ძირითადად 1,74 ლარის ფარგლებში მერყეობდა. გაუფასურების ახალი ტალღა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში ყოველდღიურად ეცემა.

საბანკო ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ლარის გაუფასურების მიზეზებს ბაზარზე დიდი რაოდენობით ეროვნული ვალუტის გამოტანასა და საგადასახადო ბალანსის გაუარესებით ხსნის, ანუ ქვეყანაში უცხოური ვალუტა ნაკლებად ან თითქმის არ შემოდის.

”ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში დიდი მოცულობის 7-დღიანი რეფინანსირების სესხებს გასცემს. ცხადია, ბაზარზე ამ რაოდენობის ლარის გამოტანა კურსზე ზეწოლას ახდენს გაუფასურების თვალსაზრისით, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არ არის. ზოგადად, როდესაც უარესდება საგადამხდელო ბალანსი ეროვნული ვალუტაც უფასურდება, თუმცა სანამ ციფრები არ გვექნება ამის მტკიცება ძნელია. მონაცემებს კი სტატისტიკა ძალიან გვიან გვაძლევს. ოპერატიულობა ამ კუთხით ძალიან მოიკოჭლებს”, - ამბობს თუთბერიძე.

ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი კი ამ ეტაპისთვის კურსის რყევას სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევს. მისი განცხადებით, რისკი რომ არსებობდეს, ეროვნული ბანკი ზომებს მიიღებდა, თუნდაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიმართულებით.

”ლარის გაუფასურებაში ჯერჯერობით საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. სოლიდური რყევა არ არის, ახლა თუ არის ზრდის ტენდენცია, ცოტა ხნის წინ იყო კლების ტენდენცია. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რომ გაუფასურება ეკონომიკური ფაქტორებით არის გამოწვეული თუ საბაზრო მოთხოვნა-მიწოდების შედეგია. თუკი გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა 10 დღის განმავლობაში, მაშინ უკვე სხვა მიზეზებზეც უნდა ვისაუბროთ”, -ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობის რეფინანსირების სესხების გამოტანა კურსის დაცემაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა. ამაზე მიუთითებს ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ გაზარდა.

”თუ რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა მოქმედებს კურსზე, მაშინ ეროვნული ბანკი უშვებს შეცდომას. რეფინანსირების განაკვეთი არის დაბალი, ვინაიდან ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით რისკი ვერ დაინახა და განაკვეთი მხოლოდ მცირედით გაზარდა. უახლოეს დღეებში რეფინანსირების ახალი განაკვეთი განისაზღვრება და გამოჩნდება, ეროვნული ბანკი ხედავს თუ არა საფრთხეს ამ მიმართულებით”, - ამბობს აბაშიშვილი.

აბსოლუტურად განსხვავებულ შეფასებას აკეთებენ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. ასოციაციის წარმომადგენლის, გიორგი ციმინტიას აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მიმოქცევაში მის ხელოვნურად გაზრდას უკავშირდება. იგი ლარის გამყარებას გამორიცხავს იმ მოტივით, რომ ფინანსთა სამინისტრომ საგარეო სესხის მაღალ კურსზე გადახურდავება და ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის მიღება შეძლოს.

”ვალუტის კურსის მერყეობის მთავარი მაპროვოცირებელი ფულის მასის ხელოვნური ზრდაა. ზემოაღნიშნული მეთოდით შესაძლებლია კერძო ბანკების მეშვეობით ეკონომიკური დამატებითი ფულის მასის გადინება, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას და სხვადასხვა პრობლემებს უქმნის ეკონომიკურ სუბიექტებს.

მაგალითად, უამრავი მეწარმე იყენებს დოლარში არსებულ საბანკო კრედიტს. ვალუტის გაუფასურების პირობებში მათ ეზრდებათ ხარჯი, რამაც, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას საწარმოების გადახდისუნარიანობას და რიგ შემთხვევაში მათი გაკოტრებაც კი გამოიწვიოს”, - მიიჩნევს ციმინტია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”