2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კახა კალაძემ შეხვედრას საინტერესო და მნიშვნელოვანი უწოდა და მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის.
"დაახლოებით, 60 მილიონი ლარით გაიზრდება 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის და ეს არის ზოგადად, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ეს თანხები მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, ეს არის - მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები - როგორც მეტროსადგურების, ასევე ვაგონების განახლება, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ჩვენ რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული, იმ კონკრეტული პროექტების განხორციელება მოხდება. ძალიან მიხარია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსაკუთარებულად განსხვავებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, გაზრდის შედეგად თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 880 მილიონ ლარამდე იქნება.