"თუ დაამტკიცებთ, რომ ჩემი ფული საზღვარგარეთ რომელიმე ბანკშია განთავსებული, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდგები"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს თუ ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“ დაამტკიცებს, რომ მას საზღვარგარეთ ანგარიშებზე ფული აქვს განთავსებული.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ დაამტკიცებთ, რომ ჩემი ფული საზღვარგარეთ რომელიმე ბანკშია განთავსებული, მე პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდგები“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 21 ნოემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ნათესავები და ახლო გარემოცვა ოფშორებში მდებარე კომპანიაში მილიონობით აშშ დოლარის განთავსებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ამ კომპანიის საწყისი კაპიტალი 1 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, თუმცა შემდეგ ამ კომპანიაში მილიონობით აშშ დოლარი ჩაიდო.

მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ და კომპენსაციის სახით 380 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა. პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, ქილიჩდაროღლუმ ერდოღანს ზიანი მიაყენა და მან კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.